ფეხბურთი

18:45 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორთვიანი პაუზის შემდეგ საბა ლობჟანიძე გოლით დაბრუნდა (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის მე-18 ტურში „რანდერსის“ ქარველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა. ჩვენებურის გუნდმა „სონდერისკეს“ უმასპინძლა და ადვილად, 3:0 დაამარცხა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე საბამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე ტრავმირებული იყო და მოედანს 6 ოქტომბრის შემდეგ პირველად დაუბრუნდა. ამის ფონზე, გოლით დაბრუნება კიდევ უფრო კარგი და გასახარია. ქართველი შემტევი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და მცირე დროც საკმარისი გამოდგა თავის გამოსაჩენად.

ლობჟანიძემ თავად წამოიწყო საგოლე შეტევა, მარვინ ეგოსთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და ზუსტად დაარტყა. ზოგადად, 24 წლის ქართველს ჩინებული სეზონი აქვს და დანიური სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში მეშვიდე გოლი გაიტანა, ამასთან ორი საგოლე პასიც აქვს მითვლილი. საბა 7 გოლით „რანდერსის“ ბომბარდირია, ხოლო მთლიანად ჩემპიონატში მეექვსე-მეთორმეტე ადგილებს იყოფს. უშუალოდ „რანდერსს“ 18 ტურში 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზეა.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ მიმდინარე უიქ-ენდი მეტად შედეგიანია ქართველი ლეგიონერებისთვის. გუშინ გოლების გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა, ვაკო გვილიამ, ბაჩანა არაბულმა, ოთარ კიტეიშვილმა (+ საგოლე პასი) და გიორგი გველესიანმა მოახერხეს, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110233