ფეხბურთი

10:00 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის კვირა დღე

პარასკევ-შაბათისგან განსხვავებით არცთუ წარმატებული კვირა ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებს. ყველაზე დასამახსოვრებელი გიორგი ნავალოვსკის თამაში გამოდგა, რომელმაც საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში – დანარჩენებზეც გიამბობთ:

ჰოლანდიის ერედივიზიონის მეხუთე ტურში “ვიტესმა” “ვენლოს” ვერ მოუგო – 1:1. გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და გაფრთხილებას გამორჩა. “ვიტესს” 10 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.

ესპანეთის სეგუნდადივიზიონის მეხუთე ტურში პირველი მატჩი მოიგო ტარაგონას “ხიმნასტიკმა”. კატალონელებმა საკუთარ მოედანზე “ალბასეტეს” აჯობეს (3:1). მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ კაკაბაძემ. “ხიმნასტიკს” ხუთი ტურის თავზე 4 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია.

რუსეთის პრემიერლიგის მეათე ტურში “სკა ენერგიამ” გროზნოს “ახმატას” ორი ქულა დააკარგვინა – 2:2. ხაბაროვსკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც პირველ გოლში დიდი როლი ითამაშა – საგოლე პასი მიითვალა (VIDEO). მერე, 83-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. “სკა ენერგიას” 8 ქულით მე-14 პოზიცია უკავია.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა “ტოსნოსა” და “სპარტაკის” მატჩი. ტრავმის გამო მასიმო კარერას განკარგულებაში კვლავ არ ყოფილა ჯანო ანანიძე. აქვე გეტყვით, რომ ამ მატჩში ანგარიში გიორგი ჯიქიამ გახსნა... “სპარტაკი” მიმდინარე სეზონში საშინლად თამაშობს – მოქმედი ჩემპიონი 13 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა.

“ურალმა” ყაზანში “რუბინს” მოუგო – 1:0. გიორგი ჭანტურია ძირითად შემადგენლობაში იყო მე-60 წუთამდე ითამაშა. მანამდე ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო. ეკატერინბურგელები 10 ტურში ერთადერთხელ დამარცხდნენ, თუმცა მოგებაც უჭირთ და ამიტომ, 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან.

უკრაინის პრემიერლიგის მეცხრე ტურში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა დავით ხოჭოლავა. ქართველ მცველს შანსი ყოფილი გუნდის, ოდესის “ჩერნომორეცის” წინააღმდეგ მიეცა და კარგადაც გაისარჯა. მაგრამ, “შახტარმა” ბოლოადგილოსან მეტოქესთან დაუგეგმავი ორი ქულა დაკარგა – 0:0. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, დონბასელები კი, 22 ქულით ლიდერობას კიევის “დინამოსთან” ერთად იყოფენ.

რუმინეთის ლიგა 1-ში აკაკი ხუბუტიას “გაზ მეთანი” “სტიაუასთან” განადგურდა – 0:4. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი კი 10 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

აქვე გეტყვით, რომ აწ უკვე გასულ უიქ-ენდზე გოლის გატანა მათე ვაწაძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა, ლევან შენგელიამ, ლაშა შერგელაშვილმა, ირაკლი სირბილაძემ და ზაქარია ბეგლარიშვილმა მოახერხეს.

Loading...
0.11812