სხვა

18:59 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ასანიძე: "ლაშამ დაამტკიცა, რამდენად დიდი სპორტსმენია თანამედროვე მსოფლიო სპორტისთვის"

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ასევე ოლიმპიურმა ჩემპიონმა (2004 წელს) აღნიშნა, შეფასებების გაკეთება ზედმეტია და ლაშამ უბრალოდ დაამტკიცა, რამდენად დიდი სპორტსმენია თანამედროვე სპორტისთვის.

„აქ შეფასებები გადაჭარბებული იქნება, რადგან ლაშამ თავისი გამოსვლით დაამტკიცა, თუ რამდენად ლამაზი და კარგი სპორტსმენია თანამედროვე ძალოსნობითვის და თანამედროვე მსოფლიო სპორტისთვის. ვულოცავ საქართველოს, ჩვენს დელეგაციას, განსაკუთრებით ძალოსნობის ფედერაციას, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო, ჩვენს სამედიცინო ჯგუფს, რომლებმაც არცერთი წამი არ დაიშურეს იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ვყოფილიყავით, გიორგის, ზურას, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია, რადგან დღეს ალბათ საქართველო კიდევ ერთხელ გაერთიანდა და იმედია, ეს სიხარული დიდხანს გაგვყვება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ერთობა შეინარჩუნოს. გვინდა, რომ ბევრი გამარჯვება გვქონდეს და 3 წელიწადში კიდევ გვაქვს ოლიმპიური თამაშები, სადაც იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი მიზნები ასრულდება“, - განაცხადა ასანიძემ.

კომენტარები ასევე გააკეთეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა:

„ლაშა ტალახაძეს ვულოცავ გამარჯვებას. ეს იყო გმირობის ტოლფასი, მან რეკორდი დაამყარა ატაცშიც და აკვრაშიც, რომელიც დიდი ხანი დარჩება ამ სახეობაში. მინდა მივულოცო საქართველოს ეს წარმატება და კიდევ ველით ჩვენ მედლებს, რომლებიც აუცილებლად იქნება“, - თქვა ლერი ხაბელოვმა.

„ჩვენ ყველანი ერთად აქ მოვდიოდით, როგორც დიდ დღესასწაულზე და ეს დღესასწაული შედგა. ქართული სპორტის ზეიმი იყო დღეს ტოკიოში, ლაშამ ფანტასტიკური შედეგი აჩვენა, მისგან მიჩვეული ვართ ამას, რეკორდებს, მაგრამ ის, რაც აქ მოხდა, მართლაც წარმოუდგენელი იყო, ყველა დისციპლინაში მსოფლიო რეკორდები დაამყარა, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვულოცავ ლაშას, მის ოჯახს, მის მწვრთნელებს და მთლიანად საქართველოს“, - აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.

„ვულოცავ ლაშას, მის ოჯახს, ძალოსნობას და მთლიანად საქართველოს. რა თქმა უნდა, ველოდით, მაგრამ ღელვა ყოველთვის არსებობს და მან ყველაფერი ლამაზად დაასრულა. ეს არის პოპულარიზაცია ძალოსნობის არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო არენაზე, იმ უარყოფით ფონზე, რაც დღეს ძალოსნობაში არსებობს. ლაშამ ეს პოზიტივი გვაჩუქა და მთლიანად საქართველოს გილოცავთ“, - აღნიშნა კახიაშვილმა.

ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად სამმაგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ატაცში 223 კგ, აკვრაში 265 კგ, ხოლო ორჭიდში 488 კგ დააფიქსირა და სამივე კატეგორიაში ეს არის როგორც ოლიმპიური, ისე მსოფლიო რეკორდი. ის ერთადერთი სპორტსმენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა (თანაც ზედიზედ).

შეგახსენებთ, საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 7 მედალია. ოქროს ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები ვაჟა ვარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიმ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა. საქართველოსთვის 7 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგის გამეორებაა. ასევე 7 მედალი იყო 2008 წელს პეკინის და 2016 წელს რიოს ოლიმპიადებზე. თუმცა, ხარისხობრივად, პეკინში უკეთესი შედეგი გვქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114358