სხვა

18:35 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: "დადგა ეს ნანატრი წუთები"

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ლაშამ აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია და ამ დღეს მოუთმენლად ელოდა. 27 წლის ძალოსანის განცხადებით, რომელიც ორგზის ოლიმპიური, ოთხგის მსოფლიოს და ხუთგზის ევროპის ჩემპიონია, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მეორედ მოპოვება.

„ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და გვერდით დგომისთვის. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან გახარებული ვარ იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მეორედ მოვიპოვე ოლიმპიური ოქროს მედალი. ამდენი ხანი მოუთმენლად ველოდი დღევანდელ შეჯიბრებას და დადგა ეს ნანატრი წუთები. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში“, - თქვა ტალახაძემ.

ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად სამმაგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ატაცში 223 კგ, აკვრაში 265 კგ, ხოლო ორჭიდში 488 კგ დააფიქსირა და სამივე კატეგორიაში ეს არის როგორც ოლიმპიური, ისე მსოფლიო რეკორდი. ის ერთადერთი სპორტსმენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა (თანაც ზედიზედ).

შეგახსენებთ, საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 7 მედალია. ოქროს ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები ვაჟა ვარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიმ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა. საქართველოსთვის 7 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგის გამეორებაა. ასევე 7 მედალი იყო 2008 წელს პეკინის და 2016 წელს რიოს ოლიმპიადებზე. თუმცა, ხარისხობრივად, პეკინში უკეთესი შედეგი გვქონდა.

0.113254