ფეხბურთი

23:59 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯუღელი: "ხვიჩას "ბენფიკა" იწვევდა, მაგრამ მაშინ "ლოკომოტივი" შეგნებულად ვამჯობინეთ"

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა 20 წლის შემტევზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხვიჩა ვითარდება და მომავალში მსგავს ნიჭიერ ფეხბურთელებს პირველ რიგში "რუბინში" თამაშს ურჩევს.

ჯუღელის თქმით, ხვიჩას ახლა ინგლისიდან და იტალიიდან აქვს წინადადებები და მალე ყველაფერი გაირკვევა:

"მთელი ცხოვრება რუსულ ფეხბურთში ვმუშაობდი და ძალიან ვაფასებ რუსეთის პრემიერლიგას. როდესაც ხვიჩამ "რუსთავი" დატოვა, ორი გზა გვქონდა - პირველ გუნდში "ბენფიკამ" მიგვიწვია, მაგრამ "ლოკომოტივი" ავირჩიეთ. საკმაოდ შეგნებულად: მე ვიცი, რომ რუსულ გუნდებში პოსტსაბჭოთა სივრცის მოთამაშეებს პროგრესის მიღწევა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ ხვიჩას კარიერა იდეალურად ვითარდება. მან სახელი "ლოკომოტივში" გაითქვა და "რუბინში" იზრდება - სლუცკის, საიმანოვისა და მთლიანად კლუბის წყალობით. პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ საქართველოში მსგავსი ნიჭიერი გამოჩნდება და მისი აგენტი ვიქნები, "რუბინი" იქნება პირველი კლუბი, რომელსაც ვურჩევ.

ახლა კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია ინგლისიდან და იტალიიდან. რამდენიმე შეხვედრაზე უკვე ვიყავი, სიტუაცია მალე გაირკვევა. მაგრამ ხვიჩას ამ ზაფხულსვე რუსეთის დატოვების ულტიმატუმი არ წამოუყენებია, რადგან ასე არ შეიძლება", - ციტირებს საიმანოვის სიტყვებს ნობელ არუსტამიანი ტელეგრამში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2020-2021 წლების სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა. მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.117178