ფეხბურთი

23:27 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ტოპლიგაში სათამაშოდ მზად ვარ, ადრე თუ გვიან, იქ ვითამაშებ"
ბადრი კვარაცხელია: "ვხედავ როგორ შეცვალა სლუცკიმ ჩემი შვილი"

ყაზანის "რუბინის" ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მისი მიზანი ევროპაში თამაშია და ეს ადრე თუ გვიან მოხდება. როგორც ხვიჩამ ნობელ არუსტამიანს უთხრა, იტალიის ან ინგლისის დიდ გუნდში სათამაშოდ მზად არის.

"რუსული ფეხბურთის მადლიერი ვარ, სწორედ აქ გავხდი სერიოზული მოთამაშე. მადლობას ვუხდი სიომინს და სლუცკის, რომ უფრო გამაძლიერეს. მე ასევე მადლიერი ვარ "რუბინის" ამ კარგი სეზონისთვის. პატივს ვცემ კლუბთან არსებულ კონტრაქტს. აგენტისთვის მითითებები არ მიმიცია, რომ ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა დავტოვო რუსეთი. მინდა ევროპაში ვითამაშო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ტრანსფერი მოხდება, როდის - არ ვიცი, იქნებ, ამ ზაფხულსაც. ასეა თუ ისე, რუსეთი, პრემიერლიგა და "რუბინი" სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება.

მზად ვარ პრემიერლიგის ან სერია A-ს ტოპკლუბისთვის? დიახ, მზად ვარ. ვოცნებობ დიდ გუნდში თამაშზე და ბედნიერი ვიქნები თუ ერთ დღეს ეს მოხდება. თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ოცნებაა. ახლა ველოდები რუსტემ საიმანოვსა და ჩემს აგენტს", - თქვა ხვიჩამ.

არუსტამიანი ასევე აქვეყნებს ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ქართულ მედიაში არასწორად გაავრცელეს მისი სიტყვები, თითქოს ამ ზაფხულს რუსეთს აუცილებლად დატოვებდა. ხვიჩას მამის თქმით, მისი შვილის ოცნება ევროპაში თამაშია, მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთის ჩემპიონატიც კარგი პლაცდარმია:

"ჩემი, როგორც მამის, ასევე ხვიჩას და მამუკას ოცნებაა ევროპის დიდ გუნდში გადავიდეს. მამუკა ამ მიმართულებით მუშაობს. ზოგადად, ხვიჩას ყველა საქმეს აგენტი უძღვება. მხოლოდ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს. მე ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი სხვადასხვა ჭორი და საუბარი იყო. მამუკა ჩემი შვილის კარიერას 12 წლიდან განკარგავს.

ულტიმატუმი არ არსებობს, ხვიჩა არ აპირებს "რუბინის" დატოვებას აუცილებლად, რაც შეიძლება მალე და რაიმე საბაბით. ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი აქვს და მას პატივს სცემს. უხარია, რომ გუნდმა ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა. მე სრულიად კმაყოფილი ვარ ჩემი შვილის პროგრესით "რუბინში".

ჩემი სიტყვები ქართულმა მედიამ უბრალოდ არასწორად განმარტა. დიახ, თავდაპირველად გვინდოდა ხვიჩას ევროპაში მოწყობა, მაგრამ რუსეთი ჩვენთვის კარგი პლაცდარმია. როგორც ყოფილი ფეხბურთელი ვხედავ, რომ რუსეთის პრემიერლიგა ხვიჩას მოუხდა და რაც მთავარია, ვხედავ, როგორც შეიცვალა ჩემი შვილი სლუცკის დროს", - ციტირებს ტელეგრამში არუსტამიანი ბადრი კვარაცხელიას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2020-2021 წლების სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა. მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.119606