კალათბურთი

15:32 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "საუბარი და მითითება ადვილია, შესრულება - ძნელი"
"ამერიკელი კალათბურთელების დათანხმება ადვილი არაა. დიქსონისადმი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება უკვე დაიწყო. ნაკრები თავდაპირველად 18 კალათბურთელით შეიკრიბა, ხოლო ლეგიონერთა ნაწილი – გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.

ოფიციალურ მატჩებამდე საქართველო 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, პრაღაში ჩეხეთის ნაკრებს 22 და 23 ივნისს დაუპირისპირდება.

ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე სიახლეა. მაიკლ დიქსონმა გუნდი დატოვა, რომელსაც კონტრაქტი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში ამოეწურა, მაგრამ აქამდე თამაშობდა ნაკრებში. მას ტად მაკფადენი შეცვლის. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდში სამი დებიუტანტია: სანდრო მამუკელაშვილი, 17 წლის რატი ანდრონიკაშვილი და 19 ლუკა ბულაშვილი.

დღეს, ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა:

“ყველაფერ კარგს გასასრული აქვს, დიქსონის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მას კონტრაქტი ჯერ კიდევ გასულ წელს ამოეწურა, მაგრამ აქამდე დაგვეხმარა, ახლა კი, მისი დაყოლიება ვერ მოხერხდა. ამერიკელ კალათბურთელებს, რომლებიც მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ, არ აინტერესებთ ევროპული პასპორტი და მხოლოდ ისეთი მოთამაშეები თანხმდებიან, რომლებიც მაგალითად ესპანეთის მესამე ლიგაში გამოდიან. დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ დიქსონის შემცვლელი გვეპოვნა და დაგვეთანხმებინა, რადგან ეს ადვილი არაა.

მაკფადენსა და დიქსონს ვერ შევადარებ, ეს არ იქნება სწორი. ტადუსის დადებითი მხარე ისაა, რომ უბრალოდ კარგი კალათბურთელია. საუბარი და მითითება ადვილია, მაგრამ შესრულება – ძნელი. ჩვენ ერთ გუნდი ვართ, არამარტო ჩვენ, თქვენ ჟურნალისტები, გულშემატკივრები, ჩვენ ერთად ვქმნით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

გიორგი შერმადინი ნაკრებში იქნება, თორნიკე შენგელია ჯერ ვერ, რადგან ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში თამაშობს. არ აქვს მნიშვნელობა ჩეხეთი როგორი გუნდია, ჩვენ ახალგაზრდების გამოცდა გვსურს. მანუჩარ მარკოიშვილიც მოგვიანებით შემოგვიერთდება, ისევე, როგორც შენგელია. ახალი თაობით უნდა შედგეს ეროვნული ნაკრები, რადგან ეს ახალი სისხლია. დასკვნითი შემადგნელობა თამაშამდე დასახელდება, ახლა ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლი კონსულტციებს.

სანაძე და ცინცაძე? – ტრავმებისგან და ზოგადად ყველაფრისგან დაზღვეული არ ვართ, თუმცა გვყავს შემცვლელები, თუნდაც მერაბ ბოქოლიშვილი, ეს იმ შემთხვევაში თუ ტრავმები თავს ისევ იჩენენ. მაგრამ, მჯერა, რომ ასე არ მოხდება და ნაკრებს დაეხმარებიან. აქ მთავარია მათი მონდომება, რადგან ტრავმების შემდეგ მაინც სცდილობენ, რომ გუნდს დაეხმარონ. უნდა გვეამაყებოდეს ნაკრების თითოეული წევრი, რადგან ძალიან გადატვირთული სეზონის შემდეგ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოდიან, მაგალითად შენგელია და შერმადინი”, - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 29 ივნისს, სერბეთს, ხოლო 2 ივლისს ავსტრიას უმასპინძლებს. მანამდე კი, როგორც უკვე გითხარით, მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და ჩეხეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062835