ფეხბურთი

11:15 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიასა და ზარანდიას ნახევარი საათი

რუსეთის პრემიერლიგის მეორე წრე “ურალისა” და მოსკოვის “დინამოს” შეხვედრით გაიხსნა, გუნდებმა კი ქულები გაიყვეს – 2:2.

“ურალის” ძირითად შემადგენლობაში ბოლო დროს ვეღარ ხვდება გიორგი ჭანტურია, თუმცა ამჯერზე ჩვენებურს სათამაშო დრო დაეთმო. ქართველი შემტევი მოედანზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა. “ურალს” 16 ტურის შემდეგ 24 ქულით მეხუთე პოზიცია უკავია.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე დამარცხდა “არკა”, რომელმაც “ლეხიასთან” ვერ გააწყო ვერაფერი (0:1).

ჩვენთვის საინტერესო ამ მატჩში ის მოხდა, რომ ითამაშა ლუკა ზარანდიამ. ქართველი არ ყოფილა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. “არკა” 19 ქულით მეათე ადგილზეა.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში “ტრენჩინმა” სტუმრად “ჟელეჟარნე” გააცამტვერა – 8:1. აღნიშნულ წარმატებაში წვლილი არ მიუძღვის გიორგი ბერიძეს. ქართველი წინა ტურში დაშავდა და ამ მიზეზით არ უთამაშია. “ტრენჩინი” 24 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

ბელგიის იუპერლიგაში “გენტმა” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ლიეჟის “სტანდარდთან” (1:0). განაცხადში არ ყოფილა გიორგი ჩაკვეტაძე – ჩვენებურს ტრავმა აწუხებს.

“გენტი” კი 14 თამაშში მოპოვებული 16 ქულით მე-11 ადგილზეა და სახიფათო ზონას ოდნავ მოშორდა.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართული გოლებიც გავიდა: მათე ვაწაძემ დანიაში გაიტანა, ხოლო ნიკა კაჭარავამ პოლონეთში გოლს საგოლე პასი და მოპოვებული თერთმეტმეტრიანიც დაუმატა. აღნიშნულის შესახებ უკვე გიამბეთ.

0.149841