ფეხბურთი

22:55 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავას ბენეფისი: გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას XV ტურში ჩინებული თამაშით გამოირჩა ნიკა კაჭარავა. ქართველმა ფორვარდმა მართლაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ “კორონამ” საკუთარ მოედანზე “სლასკი” დაამარცხა (3:0).

23 წლის ჩვენებურმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, სამივე გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა: 25-ე წუთზე ნიკა მეტოქე გუნდის კარის დარაჯმა საჯარიმოში წააქცია და თერთმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გორან ცვიანოვიჩმა ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში კაჭარავა უკვე გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. ჯერ 67-ე წუთზე თავად დალაშქრა სტუმართა კარი, ხოლო ხუთი წუთის შემდეგ ცვიანოვიჩმა დუბლი მისი გადაცემით გაიფორმა. ქართველი ფორვარდი 75-ე წუთზე შეცვალეს.

კაჭარავა ტრავმის მოშუშების შემდეგ მართლაც ჩინებულ ფორმაშია: 3 თამაში, 3 გოლი, 2 საგოლე პასი და გამომუშავებული პენალტი. “კორონას” კი 15 ტურის თავზე 25 ქულით მეორე ადგილი უკავია და მხოლოდ “გორნიკს” ჩამორჩება 1 ქულით.

0.115625