საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„სანამ თამაშის შეფასებაზე გადავალ, მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო იმ ყურადღებისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ დღეებში და ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე კიდევ გქონდეთ შესაძლებლობა დაესწროთ ჩვენს თამაშებს და პრესკონფერენციებს.
წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები მთლიანად შეცვალა, პორტუგალიის ძალაზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი გუნდია და გულწრფელად ვუსურვებ ჩემპიონობას, რადგან დიდი ხანია მიდიან მიზნისკენ. გარდა ამისა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პორტუგალიელთა მწვრთნელთან. ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს უპირატესობა. წითელი ბარათის შემდეგ ძალიან დასანანი გოლები მივიღეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რამაც ჩვენი მდგომარეობა დაამძიმა. მეორე ტაიმში ვეცადეთ, რომ მცირედით მაინც გაგვერისკა. საბოლოო ჯამში, მივიჩნევ, რომ ნამდვილად არ იყო ის გოლები გასაშვები, თუნდაც 10 ფეხბურთელით, უბრალოდ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი: დაღლილობამ, ემოციამ, ამიტომ, ერთობლიობაში მივიღეთ ის გაკვეთილი, რომელიც დღეს მივიღეთ. საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა, როგორც წარმატებული გუნდი, რომელმაც პირველად ისტორიაში კვალიფიკაციით მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ველოდები შემდეგ თაობას, ხოლო ამ თაობიდან იმედი მაქვს, რომ ბევრი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების კარს შეაღებს. მომავალში კიდევ ვიბრძოლებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ, რადგან ჩვენს თაობებს და ფეხბურთს ეს სჭირდება.
რა თქმა უნდა, 0:4 წაგება ძალიან ცუდია, ეს ყველაზე დიდი წაგებაა მარცხია მას შემდეგ, რაც ამ გუნდის მწვრთნელი ვარ და ჩემთვისაც ძალიან მძიმეა, თუმცა ყველაფერს აქვს ორი მხარე და მეორე მხრივ, ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, საკმაოდ კარგად, ბოლო ტურამდე გვქონდა ჯგუფიდან გასვლის შანსი და ჩვენი დონის გუნდებიდან ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ვიყავით, ვისაც ბოლო ტურის წინ შანსი ჰქონდა. გული მწყდება პირველ რიგში იმაზე, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. ეს ბიჭებსაც ვუთხარი, დასამალი არაა, ფაქტია და აქვს მიზეზები. პირველ რიგში ის, რომ უდიდესი დანაკლისი გვქონდა, ძალიან რთულია, როცა ევროპის ჩემპიონატის წინ სამ ცენტრალურ მცველს კარგავ. ამას დაემატა საბა საზონოვის პირველ რიგში, ჯერ გმირობა, თუ სპორტსმენი შეიძლება იყოს გმირი, საბა საზონოვი ამის მაგალითია, შემდეგ მეოთხე მცველიც დავკარგეთ, რადგან მანაც ტრავმა მიიღო. ტრავმირებულ ფეხბურთელებს უკვე დაემატა ის ფაქტი, რომ გუნდის ლიდერები ჩემპიონატს შეხვდნენ უთამაშებლები, რაც სამწუხაროდ დაეტყოთ, ეს მდგომარეობა წლებია გრძელდება და ასე გაგრძელება არ შეიძლება. ბიჭებმა ეს იციან, არ მინდა გვარების თქმა, მაგრამ რეალურად, ჩვენი გუნდის ლიდერები საერთოდ არ იყვნენ კონდიციებში და არ იყვნენ მზად, რომ მჭიდრო გრაფიკში ასეთი დონის სამი მატჩი ეთამაშათ. ამის ნათელი დადასტურებაა სიგუას მდგომარეობა, რომელსაც საფრანგეთის მატჩის ბოლოს კუნთი აწუხებდა, არ იყო დღეს 90 წუთის სათამაშოდ მზად და არც მივეცით თამაშში ჩართვის საშუალება. გარდა ამისა, არის ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღონ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა, იმიტომ, რომ მათი ნიჭი არა მარტო ახალგაზრდულ ნაკრებს, არამედ ქართულ ფეხბურთს სჭირდება.
ბოლო წუთები შეიძლება ორი მიზეზით იყოს გამოწვეული - ფსიქოლოგიური მომენტით და გარდა ამისა, დაღლილობით. სუფთა სამედიცინო კუთხით თუ ვიმსჯელებთ, აღარ მიეწოდება ჟანგბადის ის დოზა, რაც საჭიროა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ნაკრებში ვერ გამოვასწორებთ, რადგან ეს არის სისტემური საკითხი, როცა ბავშვობიდან იწყებენ თამაშს. გვჭირდება უფრო ინტენსიური თამაშები და ვარჯიშები და ყველაზე მთავარი, საქართველოში არ არის მწვრთნელების პრობლემა, საქართველოში ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი მწვრთნელები არიან. უბრალოდ, ფეხურთელს სჭირდება შესაბამისი ინტენსიური თამაში და სათამაშო პრაქტიკა. თუ ჩემპიონატი სწრაფია, დაძაბულია, ინტენსიურია, ფეხბურთელიც იზრდება. ეს ჩვენთან პრობლემაა, პორტუგალიაში ამ მხრივ სხვა დონეა. ამიტომ, ამ ყველაფერთან პროცესში ადაპტირება გვიწევს, ზოგჯერ ამას ვახერხებთ, ზოგჯერ - ვერ“, - თქვა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშა და ტურნირი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთი დაამარცხა, ხოლო საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. საფრანგეთთან ქართველი ფეხბურთელები 89-ე წუთამდე იგებდნენ და ანგარიში რომ შეენარჩუნებინათ, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ... 2023 წელს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.
სოფო ერქვანია ჟილინადან







