სულ რამდენიმე საათში აშშ-ში სტარტს აიღებს მსოფლიოს საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც პირველად იქნება ასეთი მასშტაბური და მასზე მსოფლიო ფეხბურთის მესვეურები დიდ იმედებს ამყარებენ. ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს იქნება ერთგვარი მოთელვა სანაკრებო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება და მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ ქვეყანაში ჩატარდება.
ფიფასთვის საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა. როგორ არ ცვალეს ამ ტურნირის კალენდარი, გრაფიკი, კლუბების რაოდენობა თუ ჩატარების დრო, მაგრამ მაინც ვერ აღწევდნენ სასურველ ცნობადობას და ყურებადობას, რაც ცხადია, საბოლოო ჯამში ფინანსურ შემოსავლებზეც უნდა აისახოს. თუმცა ფიფაში წლევანდელ საკლუბო მუნდიალს განსაკუთრებული იმედებით უყურებენ და მიაჩნიათ, რომ სწორედ წელს შეიძლება მოხდეს პოზიტიური გარდატეხა და მთელი მსოფლიო დაინტერესდეს ექვსი კონტინენტის სრულიად განსხვავებული ძალისა და შესაძლებლობების მქონე კლუბებს შორის გამართული შეხვედრებით.
საფეხბურთო ექსპერტების ერთი ნაწილი უკვე საუბრობს მთელს რიგ პრობლემებზე, რაც ტურნირის დაწყებამდე აქედანვე ჩანს და ალბათ საინტერესო იქნება, თუ გამართლდება მათი არცთუ პოზიტიური ვარაუდები.
ბევრი თანხმდება, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს აქვს რამდენიმე მინუსი, მათ შორის უმთავრესია კონკურენციის ნაკლებობა. ტურნირში მონაწილეობს სრულიად სხვადასხვა ძალის და შესაძლებლობების კლუბები და სათამაშო კლასს შორის მსოფლიოს სანაკრებო ჩემპიონატზეც კი არაა ასეთი დიდი უფსკრული.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ემატება უკვე დატვირთულ საერთაშორისო კალენდარს, რაც შეიძლება დიდი გამოწვევა იყოს განსაკუთრებით ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კლუბებისთვის. გადაღლილი და უმოტივაციო გუნდის თამაშის ცქერა, დაგვეთანხმებით, ბევრი არაფერი სიამოვნებაა.
ფიფას ყოველთვის უჭირდა ტურნირის კალენდრის კოორდინაცია სხვა საერთაშორისო ტურნირებთან, რათა თავიდან იქნას აცილებული მოთამაშეთა გადაღლა და ტრავმები. სხვათაშორის, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ შარშან მოითხოვა ამ ტურნირის კალენდრის კორექტირება, რათა არ ყოფილიყო შეუთავსებლობები ეროვნულ ლიგებთან და მათ საფარქვეშ ჩატარებულ ტურნირებთან. სამწუხაროდ, მისი მოთხოვნა და სურვილი ფიფაში არ გაითვალისწინეს.
მიუხედავად ზემოჩამოთვლილი მინუსებისა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მაინც იძლევა სამომავლო იმედების მიზეზს და ამ ეტაპზე მაინც რჩება მნიშვნელოვან მოვლენად საფეხბურთო სამყაროში. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ წელს ზაფხულში რაიმე დიდი სანაკრებო ტურნირი არაა დაგეგმილი. ამას გარდა, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო კავშირებისა და კლუბების პოზიციებიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს ტურნირი მათ აძლევს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბებთან თამაშის შესაძლებლობას და აქვთ ისტორიული შანსი, ღირსეულად წარმოჩინდნენ საერთაშორისო არენაზე.