ფეხბურთი

20:22 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "პსჟ-მ ისე მშვიდად ითამაშა, თითქოს, ამხანაგური ან ლიგა 1-ის მეათეადგილოსან გუნდთან მატჩი იყო"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ისე მიუდგა, როგორც ამხანაგურ მატჩს ან ლიგა 1-ის საშუალო დონის გუნდთან შეხვედრას, რადგან მოედანზე ძალიან მშვიდად გავიდა.

„პსჟ-ს ყველაფერი გამოუვიდა. არ ვამბობ, რომ ადვილი იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად მათ ყველაფერი ისე მოახერხეს, თითქოს, ამხანაგური მატჩი იყო ან როგორც ლიგა 1-ის მეათეადგილოსანთან თამაში. პირველივე წუთიდან თამაშში სიმშვიდე იგრძნობდა. ჩემი აზრით, ეს მწვრთნელის დამსახურებაა, მან მენტალიტეტით მოახერხა გამარჯვება. ლუის ენრიკე დღეს პირველ რიგში კაცების მწვრთნელია და შემდეგ ფეხბურთელების, სწორედ ასე უნდა იყოს საფეხბურთო სკოლებშიც. ეს ჩანდა კვარაცხელიას, დემბელეს, ჰაკიმის, ვიტინიას დაბრუნებულ ბურთებში, ისინი ყველგან იყვნენ. „ინტერს“ ეს ყველაფერი აკლდა და მისთვის ყველაფერი ცუდად წავიდა“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელიამაც პირველად მოიგო საოცნებო ტურნირი. კვარაცხელია მეორე ქართველია, ვინც ეს ტურნირი მოიგო, პირველად ეს კახა კალაძემ შეძლო „მილანის“ რიგებში (2003, 2007).

კვარაცხელიას კარიერაში იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, მხოლოდ 24 წლის ასაკში.

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.

პსჟ-სთვის სეზონი არ დასრულებულა, 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.180547