ფეხბურთი

11:49 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მომავალი ჩვენს ხელშია!

ისტორიული დღე გათენდა! ვინმე აქამდე წარმოიდგენდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთ მოგება დაგვაშორებდა მერვედფინალს, თუნდაც ეს მოგება ტურნირის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან - პორტუგალიის ნაკრებთან ყოფილიყო საჭირო? რთულია პორტუგალიელებთან მოგება. ბევრს წარმოუდგენელიც კი ჰგონია ეს, მაგრამ რაკი მოსახდენი მაინც მოხდება და ეს მატჩი სულ რამდენიმე საათში დაიწყება, ისღა დაგვრჩენია, რწმენა არ დავკარგოთ, იმედი გავიასკეცოთ და კიდევ ერთხელ ვირწმუნოთ ჩვენი ნაკრებისა, რომელმაც მე თუ მკითხავთ, უკვე აჯობა საკუთარ თავს და ამ ჩემპიონატზე უკვე თქვა თავისი სათქმელი თურქებთან და ჩეხებთან ღირსელად ჩატარებულ თამაშებში. ვინ იცის, ეგებ აქ არ სრულდება ჩვენი ევროპული თავგადასავალი? ეგებ უფრო მეტ სიურპრიზებს გვთავაზობენ ჩვენი ბიჭები და საფეხბურთო განგება?

ბრაზილიელებსა და მათ წინაპარ პორტუგალიელებს შამანობითა და მჩხიბავობით ვერ გააკვირვებ. ეს იგივეა, კახელ მევენახეს თბილისიდან ჩასულმა კაცმა ვაზის სხვლა ასწავლო, ან ჯეისონ ბატონი რუსთავის ავტობაზრობაზე გაუშვა საქმეში დასაოსტატებლად. თუმცა, არც ქართველები ვართ და ვიყავით ამ საქმეში ჯაბანნი და მთასა თუ ბარში ისეთი შამან-მჩიბავობის სკოლა გვაქვს, ჯოანა როულინგს ჩვენზე ცოტა მეტი და ცოტა ადრე რომ სცოდნოდა, შანსი არაა ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოს სკოლის კულუკულუმში მეგრული, ფშავური, ხევსურული თუ მესხური შელოცვ-გამოლოცვები არ შეეტენა.

როგორც უკვე ვთქვით, ისტორიული დღეა 26 ივნისი. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ეროვნული გუნდი პორტუგალიასთან ატარებს და მამარდაშვილის დიდებული ხელების, კვარაცხელიას გაელვებების, ჩაკვეტაძის ნიჭის, ქოჩორაშვილის ჯიგრის, მიქაუტაძის ალღოს, ახლადდაბრუნებული კიტეიშვილის აზროვნებისა და ჩვენი მცველების თავდადების გარდა, კიდევ გვჭირდება რაღაც ისეთი, რაც პორტუგალიის მართლაც რომ უძლიერეს გუნდთან მოგვაგებინებს და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გაგვიყვანს.

ჰოდა, აი სწორედ ახლაა დრო, მოვუხმოთ ქართული „შამანური სკოლის“ უძველეს ტრადიციებს და პორტუგალიელებს იმაშიც ვაჯობოთ, რაშიც თავი ყველაზე მაგრები ჰგონიათ. მორწმუნეებმა ლოცვა გააძლიერონ, ათეისტებმა მორწმუნეებს ლოცვა აცალონ, შამანებმა იშამანონ, გულშემატკივრებმა არ დაზოგონ თავი, გული და ყელის იოგები, ჯანიანმა ხალხმა ბარაბნები აბრახუნონ, მძღოლებმა ასიგნალონ, ტაქსისტებმა მგზავრებს აცადონ ფეხბურთზე საუბარი, ოფიცრებმა ჯარისკაცებს მისცენ თამაშის ნახვის საშუალება, ბავშვებმა იჟრიამულონ, მტერი ბოღმისგან გულზე გასკდეს, მსმელმა ბიჭებმა ჩვენი ნაკრები საქართველოში ღვინით და გერმანიაში ლუდით ადღეგრძელონ (ალკოჰოლი მოვიხმაროთ ზომიერად, მაგრამ ბევრი!) და იქნებ მართლაც შევძლოთ ეს!

ჩვენი ევროპული ზღაპარი გაგრძელდება!

0.121247