ფეხბურთი

22:30 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლმა ჯაბა კანკავა ცენტრალური ნახევარმცველით შეცვალა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ჯაბა კანკავას გაბრიელ სიგუა შეცვლის. ვილი სანიოლმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა.

როგორც ფრანგმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ჯაბამ უარი თქვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე, მას კი, მისივე პოზიციის ფეხბურთელით შეცვლის.

„ჯაბა კანკავა ნაკრების გამოცდილი და დამსახურებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მარტის პლეი ოფის მატჩებში, მისი ნაკრებთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გუნდში დიდი მუხტი შემოიტანა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა ევროპის ჩემპიონატზე ისევ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიონალია გუნდისთვის. პირადად ჩემთვის, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამავდროულად მას პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იგივე პოზიციის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს და ნაკრები დაბალანსებულად დაკომპლექტდეს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შვეიცარიული ბაზელის წევრი გაბრიელ სიგუა შეუერთდება", - თქვა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ზე:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები: საბა კვირკველია (ალ ოხდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობდა და 101 მატჩში 10 გოლი გაიტანა. გაბრიელ სიგუა მხოლოდ 18 წლისაა და ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. მან 2023-2024 წლების სეზონში "ბაზელის" მაისურით 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

შეკრება, რომელსაც ნაკრები ავსტრიაში გაივლის, 28 მაისს დაიწყება. ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები გერმანიაში ქალაქ დიუსელდორფის მახლობლობლად დაბინავდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში მოემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128585