მთავარი

13:17 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისევ პირველმა და ისევ ზუსტად!
ქოჩორაშვილმა რუსულს ქართულ-ევროპულად გაუტანა!

მართლაც როგორი სიმბოლურია, რომ ისევე როგორც 26 მარტის ლეგენდარული მატჩის დროს პენალტების სერიის დაწყების მთელი სიმძიმე, ახლაც, რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლის მთელი სიმძიმეც საკუთარ თავზე გულიანმა კახელმა ბიჭმა, გიორგი ქოჩორაშვილმა აიღო. თანაც ეს, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ზუსტად იმ მომენტში შეასრულა (სწორედაც რომ შეასრულა!), ქართული სპორტის წარმომადგენელთა ფლანგს გამბედაობის მაგალითის მიცემა ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა.

ღრმად გვწამს, რომ საბოლოო ჯამში ქოჩორაშვილს მისი თანაგუნდელებიც მიბაძავენ და საერთოდ, მტერმა რაც არ უნდა გვიჩხიკინოს, გვტანჯოს, გაგვათითოკაცოს, თავსლაფი გვასხას, კახა კალაძისნაირი ვაიპოლიტიკოსები მოგვისიოს, ევროპა მაინც ჩვენი არჩევანი იქნება და არც „ბილწთ შევეკვრით ზავითა“. მაგრამ, ვინც საბოლოოდ ვაქციეთ ბნელ წარსულს ზურგი, ისიც კარგად ვიცით, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა მუდამ იქნება რთული და ეკლიანი, სანამ რუსეთი და ამ ქვეყნის მოტრფიალე ე.წ. ქართველები იარსებებენ.

ქოჩორაშვილის საქციელი სიმბოლური იმიტომაცაა, რომ ყველგან და ყოველთვის მაგალითს აქვს ტალღის ძალა და რომ არა მაგალითის მიმცემი მებრძოლი ადამიანები, საქართველოსთანა პატარა და დამცრობილი ქვეყანა არასოდეს აუჯანყდებოდა დიდ იმპერიებს, არასოდეს ვიბრძოლებდით თავისუფლებისთვის და მუდამ ვიცხოვრებდით როსტომ ხანის ეპოქის მსგავს მოჩვენებით სიმშვიდესა და კეთილდღეობაში.

ისიც სიმბოლურია, რომ ქვეყნის რუსეთისკენ მუჯლუგუნებით წამყვანი ძალა თავის ოფისს „როსტომ ხანის სასახლეს“ ეძახის და ამით მიგვანიშნებს, რომ მტერთან კურკური, მოსაგებელის გამო ყველაფრის კადრება და თავისუფლებაზე უარის თქმა, როსტომ ხანის ეპოქის მსგავსად, მათი არჩევანიცაა.

დიახ, ევროპა თავისუფლებაა! რუსეთის გვამში ყოფნა კი, ქვეყნის და ერის მორალურ დეგრადაციას იწვევს და ამის მაგალითი ბოლო ორასი წელია. რუსეთი მხოლოდ მორალურად ყველაზე გახრწნილ, კორუმპირებულ, ქვეყნის გამყიდველ, უსინდისო და დროს ჩამორჩენილ ადამიანებს უყვარდათ. ხოლო ნამდვილი პატრიოტები მუდამ ებრძოდნენ ჩვენს ჩრდილოეთით გაწოლილ ბოროტებას, რომელმაც საუკეთესო ქართველები დაგვიხოცა და სერგო ორჯონიკიძისა და მსგავსი ხალხის ანაბარა დაგვტოვა, წარსულსა თუ აწმყოში.

რატომ ევროპა? ყველაფერი მარტივად დასანახი და თვალნათელია. შეხედეთ ევროკავშირის ქვეყნებს, ევროპელების თავისუფლების ხარისხს, მათ კეთილდღეობას, ღირებულებებს და მერე შეხედეთ პრორუსულად განწყობილი შუა აზიის ქვეყნების სიბეჩავეს, უსასოობასა და ჩამორჩენილობას.

გვწამს, რომ მაგალითად უზბეკი ან ტაჯიკი ადამიანი, თავისი შესაძლებლობებით, უნარით და ა.შ. არაფრით ჩამოუვარდება გერმანელს ან ფრანგს და არც სამშობლო უყვარს სხვაზე ნაკლებად, მაგრამ მისი სიბეჩავისა და ცუდად ცხოვრების მიზეზი სწორედ რუსეთია, რომელიც თავადაც წევს ტალახსა და წუმპეში და არც სხვას აძლევს განვითარების საშუალებას. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამო ებრძვის უკრაინას, ამიტომ არ გვაცლის მშვიდად ცხოვრებას და ამიტომაც ცდილობს, რომ ერთმანეთი დავჭამოთ მაშინ, როდესაც ერთიანობა და წინსვლა ყველას ასე ძალიან გვჭირდება.

მავანი ამბობს ჩვენ ქართველები ვართ, კავკასიელები ვართ და არც ევროპა გვინდა და არც რუსეთიო. ესაა სწორედ რუსული ბოდვა და არსაით მიმავალი გზა. რომელი წარმატებული ქვეყანა გვინახავს პარტნიორისა და მეგობრის გარეშე? რომელი ქვეყანა წასულა წინ მარტო და საკუთარი ძალებით? იყო კი ისეთი ეპოქა, როდესაც ქართველებს ჩვენი საშინელი და დაწყევლილი რეგიონიდან გაღწევა არ გვინდოდა? იქნებ ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ბედის გაზიარებას გვირჩევთ, რომლებიც ყველაფერს კარგავენ, დაწყებული საკუთარი ენით და კულტურით, სახელმწიფოებრიობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

დაბოლოს, არის თუ არა რუსული კანონი რუსული, რის გამოც ეს ყველაფერი ხდება. აქაც მარტივადაა საქმე და სულაც არაა საჭირო კანონის ნიუანსებში ჩხიკინი. მაშინ როდესაც მარგრიტა სიმონიანს რამე მოსწონს და იმას მთელი ცივილიზებული დასავლეთი ეწინააღმდეგება, ზედმეტი კითხვები აღარაა საჭირო! ის რაც სიმონიანს და კრემლს მოსწონს, ძალიან ცუდია! იქნებ მარგარიტა სიმონიანობა გვინდა? ვისაც უნდა იყოს მარგარიტა დეიდასთან. ჩვენ მის გაკვალულ ბოროტების გზაზე არასდროს ვივლით.

მადლობა ქოჩორ და ყველა სპორტსმენსა თუ კლუბს, ვინც გადამწყვეტ მომენტში სწორი პოზიციის წარმოჩენას არ მოერიდა!

დიდი მადლობა ღირსებისთვის!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136182