ფეხბურთი

18:31 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბავშვები დიდი ზეიმისას

საქართველოში ღიმილიანი ხალხი დადის! ამას აქამდე ალბათ ვერასოდეს დავიჯერებდი! მე კი ყველაზე მეტად ბავშვების სიხარული მახარებს. იმ ბავშვების, რომლებსაც დარწმუნებული ვარ არასოდეს დაავიწყდება 2024 წლის 26 მარტის საღამო და შემდეგი დღეები, როდესაც ქუჩებში ისმოდა მხოლოდ სიხარულის შეძახილები, სიმღერა და არა გინება თუნდაც დამსახურებულა საგინებელი ობიექტების მიმართ. ამ პატარა და უცნაურ ქვეყანაშიც კი საგინებლებს მართლაც რა დალევს, მაგრამ ყველანი თითქოს რაღაცნაირად დადებითისკენ შევიცვალეთ და აშკარად გვეუხერხულება კიდეც ცუდ ხასიათზე ყოფნა მაშინ, როდესაც ყველას სახე უცინის.

ისევ ბავშვებზე ვიტყვი... ყველაზე გულრწფელი და გასაგები სწორედ მათი სიხარულია. მე იმისიც კი მჯერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ათას ტელევიზიაზე „გადამხტარ“ ვითომ პოლიტიკოსებს და ვითომ ჟურნალისტებსაც კი ძალიან გაუხარდათ, მაგრამ სულ სხვა ემოციას ბადებს ბავშვების სახეების ცქერა საერთო ზეიმისას.

ზოგი ბავშვი გაცისკროვანებული სახით უყურებდა ტელეეკრანს თუ სათამაშო მოედანს, ზოგი მთელს ხმაზე ბღაოდა რადგან ვერ გაერკვიათ ამხელა ემოცია სად უნდა წაეღოთ და ასე ერთიანად ტირილად ამოხეთქეს. ზოგი ბავშვი შეშინებული ეკვროდა სიხარულისგან გადარეულ, მოხტუნავე მშობლებს. ვნახე ბავშვები, რომლებიც პირდაღებული შესცქეროდნენ ერთიანად სახეცვლილი უფროსების გაუგონარ კივილს და მღელვარებას. მიამბეს 9 წლის ლუკაზე, რომელიც ისტორიულ მატჩს თურქეთის ერთ-ერთ ონკოლოგიურ კლინიკაში ტელეფონში უყურებდა და რაკი ზედმეტი ემოციების გამოხატვა ექიმებისგან აკრძალული ჰქონდა, სიხარულით კრიჭაშეკრული ღეჭავდა საბნის კუთხეს. აუცილებლად გამოჯანმრთელდება პატარა ლუკა და ეს დღე მისი მოგონებებიდან არასოდეს გაქრება.

ყველა ბავშვი საოცარია, უნიკალურია და განსხვავებული, თუმცა ყველა ერთნაირად იმსახურებს ცხოვრებას ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს სამკურნალოდ უცხოეთში წასვლა არ დასჭირდებათ. სადაც სტადიონზე მნიშვნელოვან მატჩებზე დასწრება მხოლოდ იღბლიანების და პრივილეგირებულების სიამე არ იქნება. სადაც ეროვნული ნაკრების დიდ საერთაშორისო ტურნირებზე გასვლა ჩვეულებრივ ამბად იქცევა და სპორტული წარმატებები ქვეყნის საერთო ეკონომიკურ წინსვლაში და სოციალურ სიძლიერეში გადაითარგმნება. ბავშვები იმსახურებენ, რომ ჩვენს ეპოქაშიც გადმოსული წარსული საუკუნეების საშინელი და მე ვიტყოდი სამარცხვინო უბედურება - შიმშილი მათთან ახლოს არასოდეს ჭაჭანებდეს. არადა, გაეროს მონაცემებით, ბავშვებიის სიღარიბის კუთხით საქართველო მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ერთ ერთი „მოწინავე“ ქვეყანაა და ეს თუ არ დაიძლია, ყველანაირი სპორტული წარმატება უფერულდება და აზრს კარგავს.

ეს საოცარი და მართლაც რომ ისტორიული გამარჯვება სწორედაც რომ ბავშვებს უნდა მიეძღვნას. ჩვენს იმედსა და მომავალს. ჩვენს რწმენას იმისას, რომ როდესაც აღარ ვიქნებით, მაგარი გოგოები და ბიჭები გააგრძელებენ საქართველოს ისტორიას. ეს ახალგაზრდები ჩვენზე უფრო კარგად და დახვეწილად ისაუბრებენ ქართულად, ჩვენზე ბევრად გულრწფელად ეყვარებათ საქართველო და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთი მათთვისაც სპორტის უპირველესი სახეობა იქნება.

დიახ, საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და საქართველოს დიდი მომავალი აქვს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112289