რაგბი

18:20 | 18.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდ კოკერილი: "ჩემთვის აქ მუშაობა პრივილეგიაა, საქართველოს ნაკრებს დიდი ისტორია აქვს"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების და შავი ლომის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა პრესკონფერენცია ჩაატარა.

ინგლისელმა სპეციალისტმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა:

„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, რომ ქართულ რაგბიში ვიმუშავებ. ეს არის გუნდი, რომელსაც უმდიდრესი ისტორია და ტრადიციები აქვს. ბოლო წლებში ნაკრებში მყარი საფუძველი ჩაიყარა, ლევან მაისაშვილის და მილტონ ჰეიგის მხრიდან. მოუთმენლად ველოდები, რომ გუნდთან ერთად მუშაობა დავიწყო.

„მონპელიედან“ წამოსვლაზე ერთი მხრივ, იურიდიული მიზეზების გამო ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრს ვმუშაობდი, თუმცა ჩემი მუშაობის სტილი ზოგიერთ მოთამაშეს არ მოსწონდა. გუნდში იყვნენ მოთამაშეებიც, რომლებსაც მოსწონდათ ჩემი მუშაობის სტილი, მომყვებოდნენ და წარმატებასაც ვაღწევდით. რეალობა ასეთია: „მონპელიეში“ თამაშებს თუ ვერ იგებ, გემშვიდობებიან.

ამ კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში ჩემს შტაბში ორ ახალ წევრს წარვადგენ ეროვნული ნაკრებისთვის. კარგი ქართველი მწვრთნელები გვყავს ეროვნულ ნაკრებსა და შავ ლომშიც, ამიტომ ვგეგმავ, რომ მათთან ვიმუშაო, ისევე, როგორც ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებთან.

პირველ რიგში, უნდა გადავწყვიტოთ და ჩამოვყალიბდეთ რა იქნება ქართული რაგბის დნმ, რომელზეც ვიმუშავებთ ძალიან მაგარია, რომ კარგი უკანახაზელები გვყავს, არა სამომავლოდ, არამედ უკვე მზა მოთამაშეები. ჩვენ არ ვაპირებთ არავისგან არავის გადმოღებას და კოპირებას, არამედ ვაპირებთ ქართულ სტილში ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, მსოფლიო თასთან შედარებით იქნება გარკვეული ცვლილებები გუნდში. ბალანსი საჭირო იქნება. გვყავს გამოცდილი მოთამაშეები, მაგრამ ასევე ძალიან კარგი ახალგაზრდა მორაგბეები, მაგალითად 20-წლამდელთა ნაკრებიდან. წინ დიდი შრომა გველის, სათამაშო სტილი უნდა ადაპტირდეს იმ მოთამაშეებზე, რომლებიც გვყავს და მეტოქეებზე, რომლებიც გვეყოლება.

პირველი მიზანია რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების გუნდთან ინტეგრაცია და მათი გამოცდა. ვიმედოვნებ, რომ ზაფხულის და შემოდგომის სატესტო ფანჯრებში ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. რაც შეეხება შავ ლომს, კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენი სტანდარტი გვაქვს ჩამოსაყალიბებელი და უნდა გავზარდოთ პროფესიონალიზმი, რათა ეროვნული ნაკრებისთვის მოთამაშეები უფრო უკეთ მოვამზადოთ.

შავი ლომის კონცეფცია ვფიქრობ, იდეალურია. შავი ლომის 50%-ზე მეტი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისგან შედგება, რაც მეტად დამეხმარება ქართული რაგბის შესწავლაში. ვთქვათ, რომ მცირე არჩევანი გვაქვს მორაგბეების მხრივ საქართველოში, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებებს ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ბევრი წარმატება ჰქონდათ, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ შავ ლომში ითამაშოს, ნაწილმა კი ეროვნულ ნაკრებში. რაც არის შექმნილი, თავის დროზე იდეალურადაა ნაფიქრი და ჩემთვის ორივეგან მუშაობა თავის ტკივილი ნამდვილად არაა“, - თქვა კოკერილმა.

აქვე გეტყვით, რომ რიჩარდ კოკერილსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის 1+3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112963