რაგბი

1:46 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "არ მინდა დავიჯერო, მაგრამ მსაჯებისგან განსხვავებული მიდგომა იგრძნობა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა, დავით ნინიაშვილმა და მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მათ თქვეს, უელსი უძლიერესი მეტოქეა, მაგრამ გამარჯვების იმედი აქვთ.

ლევან მაისაშვილი: „იცით, რომ სამმა მოთამაშემ ოპერაცია გაიკეთა. გუნდში ტრავმები მანამდეც იყო, ეს სპორტის თანმდევი ნაწილია. სამწუხაროა და ამან ძალიან დაგვაზიანა, განსაკუთრებით, ფიჯისთან თამაშის დასაწყისში ორმა ტრავმამ, რის გამოც ტაქტიკურად ვერ გავაკეთეთ ის, რაც დაგეგმილიყო იყო. როდესაც უელსს და იტალიას მოვუგეთ, ჩვენი თამასა ავწიეთ, ორი იმდენი კიდევ გულშემატკივარმა ასწია, რაც მესმის. უელსს ახლა სხვა მწვრთნელი ჰყავს, ყველაზე ადრე დაიწყო ამ ტურნირისთვის მომზადება, გაცილებით თავდაჯერებული და ძლიერი გუნდია. ჯგუფში მათი პირველ ადგილზე ყოფნა შემთხვევითობა არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მორაგბე გვაკლია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სისტემა, რომლითაც ვთამაშობთ, ის ერთიანობა, რაც გვაქვს, ამიტომ შაბათს ვეცდებით, მიუხედავად ტრავმებისა, მაქსიმალურად დავიხარჯოთ. დანარჩენი როგორც იქნება, გამოჩნდება.

ძალიან არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, განსაკუთრებით წაგებული თამაშის შემდეგ, მაგრამ აბსოლუტურად ყველასთვის ნათელი იყო, ძალიან ბევრი უხეში შეცდომა დაუშვეს. ბუნებრივია, გვქონდა ამის ანალიზიც. რა გითხრათ, ძალიან არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ბევრი მსაჯისგან მაქვს შეგრძნება, რომ ტიერ 1-ის და ტიერ 2-ის გუნდებთან განსხვავებული მიდგომები აქვთ. არ მინდა, ამის დაჯერება, მაგრამ ფიჯისთან ეს ნამდვილად იყო კითხვის ნიშანი ჩემთვის. ლელო მინიმუმ გადამოწმებას მოითხოვდა“.

დავით ნინიაშვილი: „ბიჭებმა გავიაზრეთ, რომ ყველა გუნდთან შეგვიძლია მოსაგებად თამაში. შეიძლება რაღაცებში არ გაგვიმართლა აქამდე, მაგრამ უელსთან მოსაგებად ვითამაშებთ და ამ თამაშს ვუძღვნით იმ ბიჭებს, რომლებიც ტრავმირებული არიან“.

მერაბ შარიქაძე: „ბევრი ვიმუშავეთ ხვალინდელი თამაშის მოსაგებად. წინა მატჩებში რაღაც მომენტებში დავაკელით, არ გაგვიმართლა, მაგრამ თავი არ დაგვიზოგავს და ყველა თამაშში მოსაგებად გავედით. ფიჯისთან ნათელი იყო და ფაქტად დავინახეთ, რომ მოგება შეგვეძლო. უელსთან გვინდა, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ნეკნის ხრტილის დაზიანება მქონდა, მაგრამ ახლა მზად ვარ სათამაშოდ მთელი ძალებით. ამ ბიჭებმა თავი გაწირეს, ასეთი ტრავმები მხოლოდ თავგანწირვით მოდის, მაგალითად მოდებაძემ გატეხილი ყვრიმალით 10 წუთი ითამაშა, რაც ურთულესი და თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ეკუთვნით ეს თავდადება დავუფასოთ. რაც შეეხება შემცვლელებს, მზად არიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაგბი ტრავმითაა სავსე და ამისგან არავინ ვართ დაზღვეული. უელსის ნაკრები სრულიად სხვა გუნდია, ფაქტობრივად შეცდომას არ უშვებენ და სწორედ ამის ხარჯზე მოიგეს სამივე თამაში დამაჯერებლად. შედარებაც არ არის იმ გუნდთან, რომელსაც მოვუგეთ. არც ის გუნდი იყო სუსტი, მაგრამ ახლა სტილი სრულიად სხვა არის. მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ უელსი უძლიერესი გუნდი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“.

შეგახსენებთ, რომ უელსის და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. ეს შეხვედრა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებისთვის“ ბოლო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063898