ფეხბურთი

13:22 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპიდან არაბეთისაკენ

ჩვენ ბავშვობიდან მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ კარგი ფეხბურთელები (რომელი ქვეყნიდანაც კი არ უნდა იყვნენ) კარიერის საუკეთესო წლებს ევროპის ლიგებში უნდა თამაშობდნენ და მხოლოდ კარიერის მიწურულს აქვთ იმის „უფლება“, რომ ევროპას გასცდნენ და აზიის ან ამერიკის ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატეbში დაასრულონ ბურთის გორება. ეს წარმოდგენა იმდენად ღრმადაა ჩვენში ფესვგადგმული, რომ ლამისაა კალთების დახევით გამოვეკიდოთ იმ ახალგაზრდა მობურთალებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში ასე მოუხშირეს არაბეთის ქვეყნებში გადაბარგებას.

არაბეთში სათამაშოდ წასულ ფეხბურთელს პირველ რიგში ფინანსური ინტერესი რომ ამოძრავებს, ეს არაბებმაც კარგად უწყიან და არც იმაზე ფიქრით იღლიან თავს, რამდენად ბედნიერი შეიძლება იყოს მაგალითად ესპანეთმოვლილი ვარსკვლავი, როდესაც ელ რიადის ან აბუ დაბის გუნდში აღმოჩნდება და ტრიბუნებზე ანდალუსიელი კეკლუცი ასულების ნაცვლად, თეთრ შარვალ-ხალათებში გამოწყობილი არაბი ჯეელები დახვდება. სად და აღმოსავლეთში ყველაზე კარგად უწყიან ფულის ძალმოსილება და ისიც დიდი ხანია იციან, რომ თუკი ადამიანს ფულს უხდი და მას რაიმე საქმეზე ქირაობ, კეთილი უნდა ინებოს და დაკისრებული მოვალეობა წუწუნის, გოდების და ვაგლახის გარეშე შეასრულოს. ამიტომაც, არაბეთის მცხუნვარე მზის ქვეშ ბურთის მაგორებელი ევროპელი თუ სამხრეთამერიკელი ვარსკვლავები მართალია ცოტა შუბლშეკრული სახით, მაგრამ მაინც უტიფრად იძახიან, რომ არაბეთში თავს ბედნიერად გრძნობენ და ოცნებობენ იმ ჟამზე, როდესაც არაბული საფეხბურთო ლიგები ევროპულებს აჯობებს და ყველას დაუმტკიცებენ, რომ მათი მაშრიყში გადაბარგება მხოლოდ ფულზე დახარბებით არ იყო შთაგონებული.

არაბეთში წასული ფეხბურთელები ზედმეტად ხმას არ იღებენ, მაგრამ ქომაგები მაინც არ ვცხრებით და ცრემლთათხევით ვეთხოვებით ხოლმე ევროპული კლუბებიდან წასულ ფეხბურთელებს. სხვისას ვერას გეტყვით და პირადად მე ომში წასული შვილივით გამოვეთხოვე „ნაპოლიდან“ „ალ აჰლიში“ წასულ გაბრი ვეიგას, რადგან როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენ დიდი ხანია მტკიცედ გვჯერა, რომ კარგი ფეხბურთელების ადგილი ევროპული ლიგებია და ახალგაზრდა ვარსკვლავის არაბეთში წასვლა მისი კარიერის დასრულებად წარმოგვიდგენია.

სხვათაშორის, წლების წინ, როდესაც რუსეთის ჩემპიონატში დიდი ფული ჩაიდო და იქაურმა „ტორპედოებმა“ და „ჟემჩუჟინებმა“ მაგარ-მაგარ ბრაზილიელ თუ არგენტინელ ვარსკვლავებს დაადგეს თვალი, ის ტენდენციაც დიდ ტრაგედიად მიგვაჩნდა, რადგან თვალხილული ჭეშმარიტებაა, რომ არაბულ სიცხეზე ნაკლები უბედურება არც რუსული ზამთარი და რუსული ეროვნული კორუფციაა. რომელი უფრო უარესია, ეს ჰალკმა და რობერტო კარლოსმა განსაჯონ, რომ აიყარნენ და შიგ ოქროს ურდოში გაადინეს ტყაპანი!

თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი, ჩინეთის ჩემპიონატში დაიწყეს ფულის ჩაყრა და იქაც მიჰყავდათ ძირითადად სამხრეთამერიკელი ბიჭები და ისიც ჩვენი სადარდებელი და თავში სახლელი ამბავი იყო.

ერთადერთი, აშშ-ს ჩემპიონატში წასულ ცნობილ ფეხბურთელებზე დუმს ბაგენი ჩვენნი. როგორ გინდა, აშშ-ში ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა ტრაგედიად შერაცხო, როდესაც შენი სანაცნობოს ნახევარი მექსიკის საზღვართანაა ატუზული და ამერიკაში წასვლაზე ოცნებობს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118202