ფეხბურთი

16:18 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო სერია A-ს მოლოდინში

გასულ კვირას იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების გათამაშების კალენდარი გამოქვეყნდა და ქართველი ქომაგების ზაფხულის „ძილიდან“ გამოფხიზლებაც დაიწყო. ბოლო ორი წელია, საქართველოში იტალიის უმთავრესი საფეხბურთო ლიგა იმ ხალხისთვისაც კი შინაური გათამაშება გახდა, რომელთათვისაც იტალიური ფეხბურთი ათწლეულების მანძილზე ბევრს არაფერს ნიშნავდა და არც იტალიურ კლუბებზე შესტკიოდათ გული.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის შარშანდელი კარგი თამაში ქართველი გულშემატკივრებისთვის დიდი მოტივიციის მომტანი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ 19 აგვისტომდე თვეზე მეტია დარჩენილი, ბევრმა უკვე დაიწყო სამზადისი შემდეგი სეზონისთვის. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ეშურებიან უფრო დიდი ტელევიზორების ყიდვას, უფრო კარგი და მოხერხებული დივანის მოძიებას და ისეთი საკაბელო ტელეარხების შეძენას, სადაც იტალიის ჩემპიონატი გადაიცემა.

თითქმის 30 წელია, რაც იტალიის ჩემპიონატს ვადევნებ თვალს და საქართველოში წლევანდელის მსგავსი აჟიოტაჟი არ მახსენდება. მაშინაც კი, როდესაც კახი კალაძე „მილანში“ გამოდიოდა და სკუდეტოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასებს ეუფლებოდა, არ იყო მსგავსი აჟიოტაჟი. ამას ცხადია აქვს თავისი მიზეზები. კალაძის თამაშის დროს, არც ტელერეპორტაჟები იყო ამდენი და ამ ხარისხის და არც გულშემატკივარი იყო სათანადოდ გაცნობიერებული. აღარაფერს ვამბობ ფეხბურთელების სხვადასხვა გზით სოციალურ ქსელებში გაპიარებაზე, რაც იმ ეპოქაში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.

ჯერ არ ვიცით ხსენებული ლუკა ლოჩოშვილი გააგრძელებს თუ არა რანგით მეორე იტალიურ ლიგაში კარიერას, თუმცა ლუკას შემდეგ, სრულიად ახალი კაცი გვყავს იტალიაში. რა თქმა უნდა გიორგი კვერნაძეს ვგულისხმობ, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად აღმოჩნდა „ფროსინონეში“ და ამ პატარა და უტიტულო კლუბის იტალიური ფეხბურთის გიგანტებთან დაჯახებები იტალიელ ტიფოზებზე არანაკლებად ქართველებს გვაინტერესებს.

ხვიჩა რომ „ნაპოლიში“ დარჩა, ეს ძველი ამბავია და სასიხარულოცაა, რადგან მინიმუმ კიდევ ერთი წელი ვნახავთ ქართველი მარცხენაფლანგელის სამხრეთელ ტიფოზერიასთან ერთად „დადგმულ“ დაუჯერებელ შოუს. ამ დღეებში ასევე ცნობილი გახდა, რომ ფრანგულ „მეცში“ სასწაული სეზონის ჩამტარებელი გიორგი მიქაუტაძით რომის „ლაციო“ დაინტერესდა. თუკი ეს ტრანსფერი რეალურად შედგება, ისტორიაში პირველად, იტალიაში შეიძლება ერთბაშად ოთხი ქართველი ვიხილოთ (მათგან ერთი სამწუხაროდ სერია „ბ“-ში, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია). წარმოსადგენადაც კი რთულია რა მოხდება საქართველოში, როდესაც ერთბაშად ოთხი ქართველი „იტალიელის“ თამაში გვექნება სანახავი, სანერვიულო, გასარჩევი და სამსჯელო.

ბოლოს ისევ კახი კალაძის ამბავი უნდა გავიხსენო. როდესაც კახიმ თავის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი „მილანის“ მოსისხლე „ინტერს“ გაუტანა, უბანში სინათლე ჩაქრა და სწორედ გოლის მომენტი ვერ ვნახე. ამის შემდეგ მთელი ორი დღე ვცდილობდი რამენაირი გზებით ინტერნეტში მენახა და გადმომეწერა კალაძის გოლი. არც ის სიხარული დამავიწყდება, როდესაც ერთ-ერთ იტალიურ ფორუმზე ძლივს ვიპოვე საშინლად უხარისხოდ გადაღებული კალაძის გოლი. ახლა მსგავსი ტანჯვა და ძიება აღარ გვჭირდება. მთავარია 19 აგვისტომდე დღეები ზედმეტად არ „გაიწელოს“ და იტალიის ჩემპიონატის დაწყების მოლოდინი დარდად არ გვექცეს. თან ისიც ხომ გახსოვთ, რომ სერია A-ს პირველ ტურში კვარაცხელიას და კვერნაძის გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან? დასაწყისიც ასეთი უნდა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123713