ფეხბურთი

21:50 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგმა" ბოსნიელი მცველი დაიმატა, საზონოვის ტრანსფერი გამოირიცხა?

გერმანულმა „ჰამბურგმა“, რომელსაც საბა საზონოვს უკავშირებდნენ, ცენტრალური მცველი დაიმატა - დენის ჰაჯიკადუნიჩი.

ბოსნიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და გერმანელებს რუსული „როსტოვიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ მან რუსეთი დატოვა და ჯერ „მალმიოში“ იყო განათხოვრებული, ბოლოს კი „მალიორკაში“.

გერმანული მედია წერს, რომ ჰაჯიკადუნიჩი „ჰამბურგმა“ მას შემდეგ დაიმატა, რაც საზონოვის ტრანსფერზე პოზიციები დაკარგა. მაღალ დონეზე ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის გამო 21 წლის ქართველი მცველი უფრო ძლიერი კლუბების ინტერესის სფეროში მოხვდა. ამიტომაც, „ჰამბურგს“ მისი დამატების შანსი შეუმცირდა. გერმანელებმაც გადაწყვიტეს, რომ ალტერნატიული ვარიანტი შეეძინათ.

საბას, რომელსაც მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, იტალიურ კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ მათი ვინაობა უცნობია. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მაღალ დონეზე ითამაშა და 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10887