ფეხბურთი

12:51 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

განჯინადან ძველი კონიაკის ბოთლების გამოღების ჟამი!

შარშან ამ დროს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2023 წლის 2 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი წარმატება ქართველ ფეხბურთელს ნამდვილად არ ჰქონია. ალბათ მიხვდით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უდიდეს აღიარებას ვგულისხმობ.

ჩვენი ბიჭი იტალიის სერია „ა“-ს 2022-2023 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მსგავსი აღიარება კი ქართველ ქომაგებს ალბათ ოცნებებშიც გაუჭირდებოდათ. წარმოიდგინეთ - განა კვირის ან თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა? განა წლის საუკეთესო ფლანგელად აღიარეს? არა! ხვიჩა კვარაცხელია მთელი იტალიის, მთელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია!

ეს წოდება და პირადი ჯილდო იტალიის ჩემპიონატში მობურთალ ბევრ უდიდეს ფეხბურთელსაც კი არ ხვდომია წილად. შორს წაგვიყვანს მათი ჩამოთვლა, ვინც მთელი ცხოვრება აპენინებზე იბურთავა და მსგავს წარმატებასთან ახლოსაც კი არ ყოფილა. ასევე ლეგიონია მათი სახელი, ვინც ახლა თამაშობს იტალიაში და უკვე დიდ ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ ალბათ ოცნებასაც კი ვერ გაბედავდნენ, რომ სერია „ა“-ში თამაშის პირველივე წელს შეიძლება უპირველესნი გამხდარიყვნენ.

ეს ქართველისა და ზოგადად საქართველოს მართლაც ისეთი აღიარებაა, განჯინაში რუდუნებით შენახული კონიაკის ძველი ბოთლები რომ უნდა გამოვაძვრინოთ და დაუნანებლად მოვხსნათ თავსახური. დავიჯერო, ყოველ წელს მოსული ახალი წლის სიხარული ამაზე მეტად მნიშვნელოვანია?!

მართლაც რომ დაუჯერებელი და ზღაპარივით ამბავია, ევროპისთვის ნაკლებად ცნობილმა ქართველმა ბიჭმა ნეაპოლში ჩასვლიდან პირველივე საფეხბურთო სეზონში ასეთ აღიარებას რომ მიაღწია. ხვიჩა სულ რომ არ ყოფილიყო ქართველი, ეს ისედაც უნიკალური წარმატებაა და როდესაც მსგავს აღიარებას ჩვენებური ახერხებს, რთულია, ამ ამბავს ასე უბრალოდ შეხვდე და მხოლოდ „ვახ, რა კარგია“-თი შემოიფარგლო.

ამიტომაც, მითქვამს და გავიმეორებ - ნუ მოუსმენთ ნურავის წუწუნს, ეს ერთი დღე ნუ დაუჯერებთ კეთილმოსურნეებს და დამიჯერეთ მე. გახსენით საგულდაგულოდ გადანახული კონიაკები და ღვინოები, ცქრიალა ღვინოები და ბრენდები, რომი და ვისკი, ჭაჭა და ლიქიორი! ძველი თუ არა გაქვთ, ზოგადად რამე გახსენით, ანდა უჟმურ მეზობელს გაახსნევინეთ. თუ ესეც გაჭირდა და მთლად დაიქცა ქვეყანა, საერთოდ ნურაფერს გახსნით და ამ ამბის მეგობრებისთვის ტელეფონზე გაზიარებით მაინც გამოხატეთ დიდი სიხარული.

მთავარია რუსულ არაყს ნუ გახსნით, ნურც ახლა და ნურც ოდესმე! მადლობა ღმერთს, რომ კვარაცხელიას ცხოვრებაში რუსეთი დამთავრდა. იმედია, დამთავრდა სამუდამოდ და ეს საშინელი ქვეყანა თავისი ფეხბურთით და საერთოდ ყველაფრით უნდა დამთავრდეს ჩვენთვისაც!

დაივიწყეთ რუსეთი! ძალიან მაგარ კაცს - ხვიჩა კვარაცხელიას გაუმარჯოს!

0.111642