კალათბურთი

11:00 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "სელტიკსმა" სერიაში ანგარიში გახსნა, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ჯერ არაფერი დასრულებულა (+VIDEO)

ის რაც დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ვერ შეძლო, გააკეთა "ბოსტონ სელტიკსმა". აღმოსავლეთის ფინალურ სერიაში დღეს გამთენიას „მაიამი ჰიტსა“ და „ბოსტონს“ შორის მეოთხე მატჩი შედგა და ჯეისონ ტეიტუმმა და კამპანიამ ანგარიში 3:1 გახადა.

წინა შეხვედრების მსგავსად, პირველ ორ მეოთხედში თამაშს მაიამელები აკონტროლებდნენ, თუმცა, მეორე ნახევარში ჯო მაზულას გუნდმა მოინდომა და შედეგსაც მიაღწია. საბოლოოდ კი „ბოსტონმა“ 17-ქულიანი სხვაობით 116:99 მოიგო.

კარგი შეხვედრა ჩაატარა ჯეისაონ ტეიტუმმა. 25 წლის ფორვარდს 33 ქულით, 11 მოხსნით, 7 პასით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით ორმაგი დუბლი ჰქონდა. მან 22 სროლიდან 14 ზუსტად გამოიყენა, მათ შორის 8-დან 4 სამქულიანი, 14-დან 10 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო.

17 ქულა მიითვალა ჯელენ ბრაუნმა, ხოლო დერიკ უაითი საკუთარ გუნდს 16 ქულით დაეხმარა.

„მაიამიდან“ კი ტრადიციულად ჯიმი ბატლერი გამოირჩა. მას 29 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

მაშ ასე, სერიაში ანგარიში 3:1 გახდა. მაგრამ, ისიც საგულისხმოა, რომ NBA-ის ისტორიაში ფინალურ ეტაპზე არასდროს გასულა ისეთი გუნდი, რომელიც 0:3 მარცხდებოდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის სერიის მე-5 შეხვედრა 26 მაისს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ სუპერფინალში უკვე გასულია „დენვერ ნაგეთსი“, რომელმაც „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ მშრალი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

0.113822