ახალი ამბები

20:09 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაპატიე ძმაო ლაიონელ. შენ უპირველესი ხარ!

ბავშვობაში მასწავლიდნენ, რომ ადამიანს აღიარება უნდა შეეძლოს და ვისაც შეცდომის აღიარება არ შეუძლია, იმის ნათქვამი არც არაფრად ღირს. ჰოდა, დადგა ჟამი, მეც ვაღიარო, რომ ვცდებოდი, როდესაც საერთოდ დავკარგე იმედი, რომ ლეო მესი არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონობას უწევდა. შარშანდელმა კოპა ამერიკამ და „მარაკანას“ სტადიონზე არგენტინელთა ტრიუმფმა ცოტა კი შემაფიქრიანა, მაგრამ მაინც ჯიუტად ვრჩებოდი ჩემს აზრზე, რომ ლეო მესის საქმე დასრულებულიყო და დიდებული საკლუბო კარიერის მიუხედავად, ის ვერასდროს შეეთამაშებოდა პელეს მიწაზე და დიეგო მარადონას ზეცაში.

დიახ, მე ვცდებოდი! ლეო მესიმ მთელი მუნდიალი არგენტინის ნაკრებს ისე უკაპიტნა, ვითარცა დიეგომ იმ დალოცვილ 1986-ში და თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ღირსეული ლიდერი და ჩემპიონიაო - სწორედ მასზე!

რა თქმა უნდა მესი ამ საქმეში მარტო არ ყოფილა. მას გვერდით ყავდა ახალგაზრდა ხულიან ალვარესი, რომელიც მომავალში კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის ხმამაღალ სიტყვას; გადარეული, მაგრამ სასწაულების ჩამდენი მეკარე ემილიანო მარტინესი; გადამწყვეტ მომანტში თავისი საქმის უზადოდ გამკეთებელი ლაუტარო მარტინესი და რაც მთავარია, მესისთან თანაშეზრდილი და ჩემი აზრით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია.

ეს ბიჭები და სხვებიც, მთელი მუნდიალის მანძილზე გულს, სულს და ჯიგარს დებდნენ “ალბისელესტეს“ წარმატებისთვის, მაგრამ მთავარი და უპირველესი რასაკვირველია ერთი კაცი, სახელად ლეო მესი იყო.

მესის მთავარი პრობლემა ნაკრებში თამაშის დროს ლიდერის თვისებების ვერგამოვლენა იყო. გოლები მას სულ გაჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში და მეტადრე ფინალებში ვერ ხდებოდა გუნდის მოტივატორი და ამიტომაც არგენტინა ერთიმეორეს მიყოლებით აგებდა ფინალებს. ამასობაში კი თავსა და ხელს შუა გამომეპარა ის ფაქტი, რომ ლეო მესი, ლიონელ სკალონის ფორმაციის ნაკრებში თანადათან კი არა ერთბაშად ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ლიდერად. მესიმ დახრილი თავი ზემოთ ასწია, მოუხშირა მოწინააღმდეგებთან ჯაჯგურს, მსაჯებთან საქმის გარჩევას, ხელების ქნევით ტრიბუნებისთვის მეტად გულმხურვალე ქომაგობისთვის მოწოდებას. ამის შემდეგ ლეოს სიტყვას თანაგუნდელებში ბევრად მეტი ფასი დაედო.

არგენტინელი ფეხბურთელების მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება მარიო კემპესის და დიეგო მარადონას ლიდერობის მაგალითები. გულშემატკივრებსაც გვახსოვს როგორ მიუძღოდნენ ეს ბიჭები გუნდს ყველაზე რთულ მომენტებში და ასეთი წინამძღოლის შემხედვარე, „ვერცხლისქვეყნელები“ როგორ იგებდნენ ისეთ თამაშებს, რომლებიც ერთი შეხედვით წასაგები იყო. ეს მეხსიერება ალბათ არგენტინელების გენეტიკაში დაილექა და არასოდეს წაიშლება, სანამ საფეხბურთო მეხსიერება ექნებათ. ამის ფონზე, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რა უნდა ექნა ლეო მესის კარიერის მიწურულს ისეთი, რომ ამ თავმდაბალი, ცოტა ჩანჩურა ბიჭისგან მბრდღვნელი, ბრაზიანი, მუშტის დარტყმაზე წამსვლელი ბელადი მიგვეღო.

დიახ! მე ვცდებოდი! ლეო მესი სწორედ ასეთი გახდა. მუნდიალზე ჩატარებულ შვიდივე თამაშში (მათ შორის, საუდის არაბეთთან წაგებულ თამაშშიც) უწყინარი ლეო გახდა როსარიოელი მოჩხუბარი, მოჯაჯგურე ბიჭი, რომელიც გამარჯვებისთვის მზად იყო ნებისმიერ შერკინებაში პირველს მიეღო მონაწილეობა. ბელადიც ხომ სხვა არაფერია? სწორედ ასეთ ლიდერს მიჰყვება გუნდი და ეს როგორც ჩანს მესიმ ყველაზე კარგად იცოდა.

გატანილი გოლები და მიცემული ბრწყინვალე საგოლე პასები სრულად ვერ ასახავს ლეო მესის უდიდეს როლს არგენტინის ნაკრების მესამედ გამსოფლიოჩემპიონებაში. აი ამ დილით მივყევი და კიდევ ერთხელ ვნახე არგენტინის ნაკრების განვლილი გზა მთელს 2022 წლის მუნდიალზე და თითქმის ყველა მნიშვნელოვან მომენტს შევავლე თვალი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ლეო ყველგან იყო სადაც გუნდს უჭირდა. ყველა ქარიშხლიანმა მომენტმა ჯერ მასზე გადაიარა. ვუყურებდი და მიკვირდა, აქამდე როგორ ვერ დავინახე ამ ბიჭში მარადონა და პელე ერთად. ანუ საოცარი ინდივიდუალიზმის პარალელურად, შეუპოვარი ხელმძღვანელიც და ლიდერიც.

ბოლოს იმის თქმაც მინდა, რომ ცხოვრებაში არის შეცდომები, რომელთა აღიარება გრცხვენია, მაგრამ ლეო მესის უნარის შეუფასებლობა ისეთი შეცდომაა, რომლის აღიარება ერთგვარად სასიამოვნოც კია. ეს ერთგვარი შვებაა სულისა ჩვენისა.

ჰოდა, მაპატიე ძმაო ლაიონელ. აი მეც მოვედი, დავხარე თავი და ვამბობ: შენ უპირველესი ხარ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114441