ფეხბურთი

9:15 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "სათადარიგოთა სკამიდან შემოსული ფეხბურთელებისგან მეტი მოლოდინი მქონდა"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გიბრალტარში გამარჯვებით დაასრულა. მატჩის შემდეგ კი პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა ისაუბრა. ფრანგმა სეციალისტმა განაცხადა, რომ სათადარიგოთა ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილოა.

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ხელოვნურ საფარზე ფაქტობრივად არავის უთამაშია წლის განმავლობაში. თამაშამდე ვიცოდით, რომ პირველი ადგილზე ვიქნებოდით და ეს არ შეიცვლებოდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მეტოქეს შანსი არ ჰქონია. მეორე ნახევარში, როდესაც თამაშში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეებისგან მეტის მოლოდინი მქონდა.

გასულ მატჩებში მოედანზე 5-10 წუთით შესული მოთამაშეები პროფესიონალურად უდგებოდნენ საქმეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ რაც ჩვენი უპირატესობა იყო. დღეს კი, ასე არ ყოფილა. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ მოედანზე თუნდაც რამდენიმე წუთით შესვლისას ბოლომდე უნდა დაიხარჯო, ასი პროცენტი უნდა გაიღო გუნდისთვის, პატივი უნდა სცე სტრატეგიას და დაიცვა დისციპლინა. როგორც ვთქვი, ეს ტურნირის ბოლო მატჩი იყო, გვქონდა სირთულეები, თუმცა საბოლოო ჯამში, 16 ქულა გვაქვს, რაც საუკეთესო შედეგია დივიზიონში და ამით უნდა ვიამაყოთ. ყოველთვის ყველაფერი სწორად რომ გავაკეთოთ, სასწავლი არაფერი გვექნება. ამ მატჩმა დაგვანახა, რომ სასწავლი კიდევ ბევრი გვაქვს და ეს მომავალს ძალიან საინტერესოს ხდის.

გიორგი ლორიას მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. მუხლი გადაიბრუნა და სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. მან ძალიან კარგად ჩაატარა პირველი ტაიმი და ვიმედოვნებ, რომ ნოემბერში ჩვენს დახმარებას შეძლებს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლო 11 შეხვედრიდან ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო, ორი კი ფრედ ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელებმა ერთა ლიგის C დივიზიონში 16 ქულით ყველაზე კარგი შედეგი აჩვენეს, რითაც ევრო 2024-ის პლეი-ოფსა და ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ნოემბერში გამართავს. ამხანაგურ მატჩში მონაწილე ჩვენი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124409