ფეხბურთი

10:28 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოჯი, დი მარციო და სხვა ექსპერტები: "სერია A-ს საუკეთესო ტრანსფერი "ნაპოლიში" კვარაცხელიას გადასვლაა"

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და იტალიაში ცნობილმა ჟურნალისტებმა და საფეხბურთო სპეციალისტებმა განვლილ ზაფხულს იტალიური კლუბების მუშაობა შეაფასეს.

ბევრმა მათგანმა გამოარჩია „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი. მაგალითად, ისეთმა ფიგურებმა, როგორებიც ლუჩანო მოჯი და ჯანლუკა დი მარციო არიან:

„სერია A-ს საუკეთესო 5 ტრანსფერი? ვფიქრობ, რომ ყველა დიდმა გუნდმა კარგად იმუშავა, მაგრამ მინდა ეს ხუთეული გამოვარჩიო: დი მარია („იუვენტუსში“), კვარაცხელია („ნაპოლიში“), დიბალა („რომაში“), დე კატელაერე („მილანში“) და ლუკაკუ („ინტერში“). კრისტიანო ჯუნტოლის უნდა მივულოცო, მან ხელში ჩაიგდო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც სულ რაღაც 21 წლისაა და მხოლოდ 10 მილიონ ევროდ. ადვილია გადაიხადო ბევრი ფული ცნობილ ფეხბურთელში, მაგალითად ჰოლანდში, მაგრამ განსხვავება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი იპოვო, რომლითაც ყველა დაინტერესებული არ არის“, - თქვა Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა ხავიერ იაკობელიმ.

„ნაპოლიმ“ ფანტასტიკური გარიგება განახორციელა. ხვიჩა კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ კრისტიანო ჯუნტოლიმ შეძლო და სხვა გუნდებს დაასწრო. თანაც, ასეთ დაბალ ფასად, სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ. კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია და „ნაპოლიმ“ შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა“, - თქვა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ, რომელსაც „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი დაეთანხმა:

„გეთანხმები და „ნაპოლის“ ასეთი შენაძენი უნდა მივულოცოთ. საუბარია უდავო ნიჭის მქონე ფეხბურთელზე“, - აღნიშნა მოჯიმ.

კვარაცხელიას ტრანსფერი გამოარჩია Sky Sport-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომაც:

„რომამ“ ბაზარზე ძალიან კარგად იმუშავა, მაგალითად პაულო დიბალაც კმარა, რომელიც იმდენივეს გამოიმუშავებს, რამდენსაც ჰენრიხ მხითარიანი იღებდა. თუმცა, ჩემი აზრით, სერია A-ს ყველაზე კარგი ტრანსფერი ამ ზაფხულს „ნაპოლიმ“ გააკეთა: მხედველობაში მაქვს ხვიჩა კვარაცხელია“, - თქვა დი მარციომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს საწყის ოთხ ტურში თავი 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062565