რაგბი

11:37 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის მწვრთნელი: "ნინიაშვილი ტოპ 14-ის ვარსკვლავია, ქართველებს სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ზაფხულის სერიების ბოლო შეხვედრას გამართავს და ქუთაისში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩის წინ პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პატრის ლაჟისკემ კომენტარი გააკეთა.

„წინა მატჩის დროს ერთნაირ სიტუაციაში არ ვიყავით. განსაკუთრებით მაშინ საქართველო დაზარალდა, რადგან ზოგიერთ მოთამაშეს კოვიდი ჰქონდა, ზოგი ვერ თამაშობდა. დღეს, ჩვენ გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ამ ხანგრძლივ სერიაში ბოლომდე მოგვყვებიან, ასე რომ წინა შეხვედრისგან განსხვავებულ მატჩს ველოდები - განსხვავებულ მოედანზე და განსხვავებულ ქალაქში. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ისინი განაგრძობენ გაუმჯობესებას. მათ მოუგეს იტალიას, ასევე ვნახე არგენტინა 15-თან მატჩი, რომელიც მანამდე ჩაატარეს. იტალიასთან ქართველებმა გამარჯვება დაიმსახურეს. მათ მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს. საქართველოზე ლაპარაკი თუ რას წარმოადგენენ დღეს - შორს წაგვიყვანს. მაშინ უნდა ვისაუბროთ ნინიაშვილზე, რომელიც ტოპ 14-ის ერთ-ერთი ვარსკვლავია. ასევე ამ ჩემპიონატში ბევრი ქართველი მორაგბეა, 2 მათგანი ჩემპიონიც გახდა. სახელებს ვერ ვამბობ, რადგან არ მინდა შეცდომა დავუშვა. თქვენ ძალიან კარგი მოთამაშეები გყავთ. მეტიც, შესაძლოა მათ საუკეთესოებიც ვუწოდოთ. ძნელია ამ მატჩის შედეგი ივარაუდო. ყველა კარგი თამაშის მოლოდინშია და ჩვენც ვეცდებით შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ“, - თქვა ლაჟისკემ.

თამაშის წინ კომენტარი გააკეთა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ტომას ეპლტონმა, რომელიც რთულ შეხვედრას ელოდება, მაგრამ გამარჯვებას გეგმავს.

„ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინა მატჩში შევძელით საქართველოსთვის კონკურენცია გაგვეწია და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევშიც მოვხვდით. მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, ველოდებით კონკურენტულ მატჩს. მათთან თამაში ჩვენთვის გამოწვევაა. გასულ წელთან შედარებით, როდესაც ნოემბერში შევხვდით, თამაშის ხარისხი ბევრად გაუმჯობესებული აქვთ. ასე რომ, ამ თამაშში გამოჩნდება რა შეგვიძლია და როგორ გავიზარდეთ ნოემბრის შემდეგ. ვფიქრობ, გასული მატჩის შემდეგ, როდესაც საქართველოს შევხვდით, ჩვენც პროგრესი განვიცადეთ. ვისწავლეთ იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით. ვეცდებით ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ და გავიმარჯვოთ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი დღეს 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11419