კალათბურთი

10:30 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი ფენომენალურ ფორმაშია - სანდრომ საკუთარი რეკორდი გაიმეორა (+VIDEO)

სანდრო მამუკელაშცილი შესანიშნავ ფორმაშია. ქართველმა ფორვარდმა „ ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა, თუმცა, მისი გუნდი 109:111 დამარცხდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი „ბაქსმა“ 2 ქულით მოიგო, მაგრამ შესვენებამდე ლიდერობა „ბოსტონმა მოიპოვა, რომელმაც მეოთხედი 30:20 მოიგო და 8-ქულიანი ფორა შეიქმნა.

მეორე ტაიმში ვინ ბაკერის გუნდმა ყველაფერი გამოასწორა, 39:28 იმარჯვა და დასკვნით მეოთხედს 3 ქულიანი უპირატესობით შეეგება. ყველაფერი ბოლო 12-წუთეულმა გადაწყვიტა. სანდრო ბევრს ეცადა, მატჩის დასრულებამდე 24.5 წამით ადრე ორქულიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 108:106 თუმცა, დარჩენილ დროში „სელტიკსმა“ ჯერ ორქულიანი, მერე კი სამქულიანი ჩააგდო. მეტ რაიანის სამქულიანი ალბათ ყველაზე გამორჩეული და ეფექტური იყო ამ შეხვედრაში. ბოლო წამზე სანდრომ ბურთი თამაშში შეიყვანა, და შორი მანძილიდან ისროლეს, მაგრამ, ბურთი ბადეში ვერ ჩავარდა.

ეს მარცხი სანდროს შედეგიანობას სულაც არ აკნინებს. ქართველი ფორვარდი ფენომენალირი იყო და ეს ციფრებშიც აისახა. მამუმ NBA-ში ქართველი კალათბურთელების მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მან ეს თავდაპირველად „კლივლენდ კავალიერსთან" ბოლო ტურში შეძლო, როდესაც 28 ქულა ჩააგდო და ზაზა ფაჩულიას შედეგი გააუმჯობესა (27 ქულა).

მართალია დღეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩი არ ყოფილა, თუმცა საზაფხულო ლიგაზე იგივე შედეგი დადო. 21 წლის ფორვარდმა 28 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. მას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მამუკელაშვილმა 19-დან 9 სროლა ზუსტად გამოიყენა, მათ შორის: 5-დან 3 სამქულიანი, 14-დან 6 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისი +- მაჩვენებელი +8 იყო, ხოლო 30:39 წუთში მხოლოდ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სანდროს შემდეგ "ბაქსის" რიგებში ყველაზე მეტი ქულა ლინდელ ვიგინტონს ჰქონდა. 24 წლის მცველმა 24 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო "ბოსტონიდან" მეტ რაიანმა 23 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი გამოიმუშავა.

"მილუოკი ბაქსმა" საზაფხულო ლიგაზე უკვე 2 თამაში ჩაატარა, პირველი მატჩი „ბრუკლინ ნეტსთან“ 94:90 მოიგო, ხოლო შემდეგ შეხვედრას 13 ივლისს, „მინესოტასთან“ ჩაატარებს. მამუკელაშვილის გუნდი საზაფხულო ლიგის ბოლო შეხვედრას 15 ივლისს ჩაატარებს, რის შემდგომაც სანდრო საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111477