კალათბურთი

12:24 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ტრავმის ფონზე ლებრონმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა - "ლეიკერსმა" ისევ წააგო (+VIDEO)

“ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის“ NBA-ს მიმდინარე სეზონი ძნელად მიმდინარეობს. ფრემკ ვოგელის გუნდმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან 3 მარცხით დაასრულა. დღეს უშუალო კონკურენტ „ნიუ ორეან პელიკანსს“ ხვდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში მე-9 პოზიციას, ნაკლები ჩატარებული მატჩით გაინაღდებდა, თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

ლებრონ ჯეიმსმა და კამპანიამ ძალიან კარგად დაიწყო. საერთოდან ლოს ანჯელესელები პირველი 3 წუთის შემდეგ 12:0-ს იგებდნენ, რომელთაგანაც 10 ქულა სწორედ ჯეიმსმა მიითვალა, მათ შორის 2 სამქულიანი.

პირველი პერიოდი „ლეიკერსმა“ 8 ქულით - 31:23 მოიგო, შესვენებაზე კი 20-ქულიანი ფორით - 69:49 გავიდა. მეორე ნახევარი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. ვილი გრინის გუნდმა ჯერ 16 ქულა გაქვითა, ხოლო დასკვნითი პერიოდი 26:14 მოიგო და საბოლოოდ 116:108 იმარჯვა.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც პირველი პერიოდიდან მოყოლებული მუხლის ტრავმით თამაშობდა. ის ჯექსონ ჰეისთან შეჯახებისას წაიქცა, რის გამოც რამდენიმე წუთი მატჩი შეჩერდა კიდეც. მან პარკეტზე 41:38 წუთი გაატარა, რა დროშიც 39 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა. 37 წლის სუპერვარსკვლავმა 13-დან 7 სამქულიანი, 14-დან 7 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის განმავლობაში 1 ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი -9-ს გაუტოლდა.

ამერიკელმა ფორვარდმა მატჩის შემდგომ კომენტარიც გააკეთა და ხაზი მის ტრავმას გაუშვა.

„წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დავასრულე თამაში რადგან საკმაოდ მტკივა. არ მინდოდა დენებება, იმიტომ, რომ ამ თამაშს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. უბრალოდ ემოციები გავთიშე, ახლა კი როდესაც გამეორებას ვუყურებ, ვერც კი ვხვდები თუ როგორ გავაგრძელე თამაში“.

გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლებრონმა 30 ქულა და მეტი 30 შეხვედრაში ჩააგდო - რაც ფენომენალური შედეგია.

რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, გამარჯვებულთა გუნდიდან ბრენდონ იგრამმა 26 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი ვალანჩუნასმა მიითვალა, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გაახერხა. 21 ქულა ჰქონდა ტრეი მერფს. ხოლო „ლეიკერსიდან“ 23 ქულიანი შეხვედრა ჩაატარა მალიქ მონკმა.

„ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ 74 შეხვედრიდან 31 მოგება და 43 წაგება დაუგროვდა, დასავლეთ კონფერენციაში მე-10 პოზიციაზეა და 30 მარტს, სრუმრად „დალას მავერიქსს“ შეხვდება. „ნიუ ორლეანი“ კი ჩატარებული 75 შეხვედრიდან 32 გამარჯვებითა და 43 მარცხით 1 პოზიციით წინაა. 31 მარტს კი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდება.

0.113644