ფეხბურთი

18:04 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანისარესი: "მამარდაშვილი და სილესენი ერთ დონეზე თამაშობენ, მაგრამ პერსპექტივაში გიორგი მირჩევნია"

„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარე სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილისა და იასპერ სილესენის კონკურენციაზე ისაუბრა. როგორც ვეტერანმა კიპერმა აღნიშნა, ორივე მეკარე დაახლოებით ერთ დონეზე თამაშობს, მაგრამ საშუალო-გრძელვადიან პერსპექტივაში მას მამარდაშვილი ურჩევნია, რადგან ის კლუბისთვის აქტივი შეიძლება გახდეს.

„არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს თითოეული მეკარის ფორმაზე და იმაზე, თუ ვის რა წვლილის შეტანა შეუძლია გუნდში. ეს არის ის, რაც ბორდალასმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა უნდა გაითვალისწინონ. გარედან არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ორ მეკარეზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერთნაირ დონეზე თამაშობენ. თუმცა, თანაბარი ფორმის პირობებში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გავიხედოთ და ამ კუთხით მამარდაშვილს სილესენზე წინ ვაყენებ, რადგან მას გაცილებით მეტი ზრდის პოტენციალი და შესაძლებლობა აქვს, შეიძლება შევაფასო, როგორც აქტივი. გუნდის შიდა სამზარეულოში ჩახედული უნდა იყო, რომ კარგად იცოდე და შეაფასო ყველაფერი, რადგან გარედან ვერ ხედავ რაიმე დეტალს, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ერთი მეკარის თამაში აშკარად აღემატება მეორეს“, - თქვა კანისარესმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ რიგებში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა, მათ შორის, ბოლო ოთხ შეხვედრაში ზედიზედ და 387 წუთია გოლი არ გაუშვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11353