ფეხბურთი

17:15 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "ნაპოლი" ახალ ინსინიეს ეძებს და კვარაცხელიას აკვირდება

ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. როგორც ავტორიტეტული მილანური გაზეთის სტატიის სათაურშია აღნიშნული, „ნაპოლი“ აკვირდება სიტუაციას და მასში ახალ ინსინიეს ხედავს.

საქმე ისაა, რომ ნეაპოლურ გუნდს სეზონის ბოლოს ლორენცო ინსინიე დატოვებს, ხვიჩა კვარაცხელია კი სწორედ მისი პოზიციის ფეხბურთელია, ამდენად, სტატიის ავტორ სალვატორე მალფიტანოს მიაჩნია, რომ „ნაპოლის“ კვარაცხელიას დამატება შეუძლია.

„ევროპის წამყვანი ჩემპიონატების გუნდის დონეზეა“, - თქვა ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც ქართველი ფეხბურთელის განვითარების ბოლო ფაზებს აქტიურად აკვირდება. როცა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს, მასში ეჭვი არ ეპარება. რეალურად, ამ სიტყვებამდე რამდენიმე ხნით ადრე, შარშან, ახალგაზრდა ფეხბურთელი „ტოტენჰემის“, „ლიდსისა“ და „მილანის“ ინტერესის სფეროში მოხვდა. თუმცა, ვისაც ნამდვილად შეუძლია მისთვის ბრძოლა „ნაპოლია“, რომელსაც გარემარბი სჭირდება. ამ ფეხბურთელის პროფილი კლუბის პარამეტრებში ჯდება, რუსები მას დაახლოებით 15 მილიონ ევროდ აფასებენ, რისი გადახდაც „ნაპოლის“ შეუძლია.

2001 წელს დაბადებული ფეხბურთელი მესამე სეზონია „რუბინშია“, სადაც მუდმივად თამაშობს და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, როგორც სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს. ის მემარჯვენეა, მაგრამ მისთვის საყვარელი პოზიციაა მარცხენა ფლანგი და შეტევების იქიდან დაწყება, ზუსტად ისე, როგორც ლორენცო ინსინიე. მას შეუძლია კარისკენ ბურთით სწრაფად და კარგად მოძრაობა, კარში დარტყმა. სტატისტიკა მის მხარეზეა: „რუბინში“ 73 მატჩი, 9 გოლი და 18 საგოლე პასი. კიდევ უფრო ნაყოფიერია საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 12 მატჩში 5 გოლით. ეროვნულ ნაკრებში 19-წლამდე ნაკრებიდან მყისიერად მოხვდა და მისი თვისებები აშკარაა.

ის თბილისში დაიბადა, მამამისი, ბადრიც ფეხბურთელი იყო, რომელმაც სახელი აზერბაიჯანში, „შამქირში“ თამაშით გაითქვა. მისმა გოლებმა აზერბაიჯანული გუნდი 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა და ამან დიდი ზეიმი გამოიწვია, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. რამდენიმე თვით ადრე დაიბადა ხვიჩა, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირდა ბურთის შესაყვარებლად. მას არჩევანი სკოლასა და ფეხბურთს შორის ჰქონდა, მათემატიკაც უყვარდა. მისი მეორე სახლი წალენჯიხაშია, სადაც ზაფხულს ატარებს, ეს არის ადგილი შავი ზღვიდან 30 კილომეტრში. ეს არის ადგილი, რომელიც ხვიჩას გულში დარჩა და რომელსაც ის უმძიმეს პერიოდში, პანდემიის დასაწყისში დაეხმარა, ასობით ოჯახს ფულადი შემოწირულობით.

საქართველოში თავიდან დაცვის ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ ბადრიმ იცოდა, რომ ეს მისი შვილისთვის საუკეთესო პოზიცია არ იყო, მაგრამ დარწმუნებული გახლდათ, რომ მოედანზე უფრო მრავალმხრივი იქნებოდა. რუსეთში პირველი გაჩერება მისთვის მოსკოვის „ლოკომოტივი“ იყო, სადაც შეხვდა იური სიომინს, რომელიც კვარაცხელიას მეორე მამა ხდება. ის ყველანაირად ეხმარებოდა კვარაცხელიას და იტირა კიდევაც, როდესაც კლუბმა ხვიჩას შენარჩუნება ვერ შეძლო. სანაცვლოდ მასზე ფსონის დადება „რუბინმა“ გადაწყვიტა. მან საცხოვრებლად ბინის ნაცვლად კლუბის ბაზა აირჩია, რადგან იქ ფეხბურთის სათამაშოდ იყო და არა დასასვენებლად. უყვარს PlayStation-ის თამაში და იმდენად მორიდებულია, რომ ინტერვიუებს ხშირად არ იძლევა. ოჯახი ძალიან რელიგიური ჰყავს: „ხვიჩას ნიჭი ღვთისგან ბოძებულია“, - გვარწმუნებს მამამისი. და, შესაძლოა, „ნაპოლიმაც“ დაიჯეროს მისი შესაძლებლობების“, - წერს ცნობილი იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ არ დაბრუნდება, მაგრამ ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112846