კალათბურთი

13:25 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკა სახელად ლებრონ ჯეიმსი! - ის ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია (+VIDEO)
"ლეიკერსის" სამარცხვინო მატჩის მიუხედავად - ლებრონმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა!

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ს მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი სამარცხვინო მატჩი ჩაატარა. ლებრონ ჯეიმსმა და კამპანიამ სტუმრად „ფინიქს სანსთან“ შეხვედრა 140:111 დათმო და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მიმდინარე სეზონში მათგან ბერს არაფერს უნდა ველოდოთ.

მონტი უილიამსის გუნდმა სოლიდური უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა, როდესაც მეტოქეს მთელი (26!) ქულით - 48:22 აჯობა. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ეს „სანსის“ ყველაზე მაღალი შედეგია ერთ მეოთხედში. გეტყვით, რომ „ლეიკერსსაც“ არასდროს დაუთმია პერიოდი ამხელა სხვაობით.

„ლეიკერსი“ პირველი 12-წუთიანი კოშმარის შემდეგ თითქოს გამოცოცხლდა და „ფინიქსს“ თანაბრადაც ეთამაშა, თუმცა, საწყის პერიოდში მოპოვებული ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო და კიდევ ერთი მარცხი განიცადა.

საერთოდაც, ფრენკ ვოგელის გუნდი მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდ ფორმაშია, მათ ჩატარებული 67 მატჩიდან მხოლოდ 29 შეხვედრის მოგება მოახერხეს და სათქმელია ისიც, რომ სტუმრად თამაში განსაკუთრებულად უჭირთ.

მარცხის მიუხედავად, საოცარ ფორმაშია „ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. მან გამთენიას მორიგი რეკორდული მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატივისცემას იმსახურებს და ასაკის გათვალისწინებით მისი ჩამოწერა, ძალიან ნაადრევია!

მეფე ლებრონმა „სანსთან“ მატჩში 31 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გამოიმუშავა. მან 20-დან 10 სროლა ზუსტად გამოიყენა, მათ შორის 11-დან 5 შორი დისტანციიდან. გარდა სამქულიანებისა, 9-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 37 წლის ფორვარდმა პარკეტზე 30:12 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში არცერთი პერსონალური ფოლი არ მიუღია, გარდა ამისა +- მაჩვენებელი -16 ჰქონდა. ვინ იცის, მას იქნებ გაცილებით მეტი დაეგროვებინა, მეოთხე პერიოდშიც რომ ეთამაშა.

გეტყვით, რომ დღევანდელი ლებრონის მონაგარი მხოლოდ ზემოთაღნიშნული ციფრები არ არის, მან ისტორიაში კიდევ ერთხელ შეაბიჯა და მორიგი რეკორდი დაამყარა. ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში 10 000 პასიან ზღვარს გადააჭარბა. ეს მისი მეორე შედეგიანი გადაცემის დროს მოხდა, მთლიანობაში კი ჯეიმსს 10 004 პასი დაუგროვდა. ლებრონი ერთადერთია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელსაც 30 000-ზე მეტი ქულა, 10 000-ზე მეტი მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს.

გარდა ამისა, მას შანსი აქვს, რომ ქარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი გააუმჯობესოს, რომელსაც NBA-ს ისტორიაში, ყველაზე მეტი - 38 387 ქულა აქვს ჩაგდებული. ლებრონის ანგარიშზე კი 36 824 ქულაა და თუ ასე გააგრძელა, მის გადასწრებას მომდევნო სეზონშივე შეძლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ციფრები, კარგად ასახავს ამერიკელის სათამაშო სტილს. მას თითქმის ყველა პოზიციაზე თამაში ერთნაირად კარგად გამოსდის, რადგან ერთდროულად ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს და ამავდროულად ქულებსაც აგროვებს.

მატჩის შემდგომ ლებრონმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

"სიტყვებს ვერ ვპოულობ, როდესაც მსგავსი რამ მემართება. ავტომატურად ვიწყებ ფიქრს ჩემს მშობლიურ ქალაქ აკრონზე და ჩემს აღზრდაზე, თუ საიდანაც მოვდივარ. მე ვოცნებობდი, რომ ამ ლიგაში უმაღლეს დონეზე მეთამაშა. თუმცა, სიმართლე გითხრათ ახლა ამ მიღწევას ჩემთვის დიდი აზრი არ აქვს, მე უფრო მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან", - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

უილიამსს თამაშის წინ ჰკითხეს, გაკვირვებული იყო თუ არა, რომ ჯეიმსმა, 37 წლის ასაკში, "ლეიკერსის" ბოლო სამი მატჩიდან ორში 50 ქულა ან მეტი მოაგროვა.

''NBA თამაშში 25 ქულის მოპოვებაც რთულია. თუ გნებავთ ჰკითხეთ ყველას, ვისაც ეს არ გაუკეთებია. მას შემდეგ რაც მან ბოლო რამდენიმე მატჩში გააკეთა, მის ასაკზე აღარც ვფიქრობ. ლებრონი არ გამოიყურება ისე, თითქოს 40-ს უახლოვდებოდეს. ის უბრალოდ ლებრონ ჯეიმსს ჰგავს“, - '' - თქვა უილიამსმა.

რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, გამარჯვებულთა გუნდიდან დევინ ბუკერმა 30 ქულა მოაგროვა. გარდა ამისა მან 10 პასთან ერთად 4 ჩაჭრაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. +- მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალი +38(!) ჰქონდა. დეანდრე აიტონმა კი 27 წუთში 23 ქულა, 16 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გამოიმუშავა.

გეტყვით იმასაც, რომ 140 ქულა „ფინიქს სანსისთვის“ სეზონის საუკეთესო შედეგი იყო.

„ლეიკერსს“ 29 მოგების წილ 38 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ფრენკ ვოგელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 მარტს, შინ, „ტორონტო რეპტორსთან“ ჩაატარებს. „ფინიქს სანსი“ კი 54 მოგებითა და 14 მარცხით კონფერენციას ლიდერობს და 16 მარტს „ნიუ ორლეანსს“ შეხვდება.

0.11343