კალათბურთი

13:32 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაირი ირვინგის შოუ და მორიგი მიღწევა - მეორე შედეგი NBA-ს ისტორიაში ჯორდანთან ერთად (+VIDEO)

NBA-ში დღის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა „შარლოტ ჰორნეტსსა“ და „ბრუკლინ ნეტსს“ შორის შედგა, რომელიც სტუმრების სასარგებლოდ 121:132 დასრულდა. „ბრუკლინელები“ მეორე ტაიმს 26 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მესამე და მეოთხე პერიოდები დათმეს, პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობის აღმოფხვრა მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა.

შეხვედრა ყველაზე საინტერესო კაირი ირვინგისთვის გამოდგა. Basketball Reference-ის თანახმად, კაირი NBA-ს ისტორიაში 22 მოთამაშიდან ერთ-ერთი გახდა, რომელმაც კარიერის განმავლობაში ხუთი 50-ქულიანი თამაში ჩაატარა. მისი სარეკორდო მაჩვენებელი კი 2015 წლის 12 მარტს დაფიქსირებული 57 ქულაა. აღნიშნული ქულა მან „კლივლენდ კავალიერსში“ თამაშის დროს დააგროვა, რომელიც „სან ანტონიოს“ ხვდებოდა და მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.

ირვინგს სამქულიანების მხრივ კარგი შედეგი ჰქონდა. მან დაგროვებული ქულების ნახევარზე მეტი სწორედ შორი დისტანციიდან ჩააგდო - 12-დან 9! საერთო ჯამში კი ზუსტად 19-დან 15 სროლა გამოიყენა, მათ შორის 7-დან 6 ორქულიანი. კაირიმ 13-დან 11 საჯარიმოც ჩააგდო.

საერთო ჯამში, 29 წლის კალათბურთელმა 50 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

სტატისტიკის თანახმად, ის გახდა მხოლოდ მეორე მცველი NBA-ს ისტორიაში, რომელსაც აქვს რამდენიმე 50-ქულიანი თამაში და 75%-ს ზუსტად ისროდა. პირველი მაიკლ ჯორდანია.

ირვინგი მატჩის შემდგომ თანაგუნდელმა კევინ დურანტმა შეაქო და თქვა, რომ ახალგაზრდა კალათბურთელებმა მაგალითი მისგან უნდა აიღონ.

''ეს იყო მასტერკლასი. ახალგაზრდა მოთამაშეებმა ამ თამაშს უნდა უყურონ და ისწავლონ, რაა საჭირო ამ დონეზე მიზნის მისაღწევად. ის ისეთი სუფთაა ყველაფერში, რასაც აკეთებს. ამ საღამოს მას ყველაფერი მარტივად გამოსდიოდა. პირველად რომ შევხედე, უკვე 10 ქულა ჰქონდა“, - თქვა კევინ დურანტმა.

თავად დურანტმა 39:35 წუთი ითამაშა და 14 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. დამარცხებულთა რიგებში კი ყველაზე შედეგიანი მაილს ბრიჯიში იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 30 ქულა შესძინა. ასევე 30 ქულა ჩააგრო ტერი როზიერმა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი „ბრუკლინის“ ცენტრ ანდრე დრამონდს ჰქონდა - 20 ქულა, 14 მოხსნა.

„ბრუკლინ ნეტსმა“ 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, 33-33 მოგება-წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას სტივ ნეშის გუნდი „ფილადელფიის“ წინააღმდეგ 11 მარტს ჩაატარებს. სხვათა შორის, კაირი ირვინგმა მომდევნო დაპირისპირებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა: "მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს ჰარდენმა კლუბი დატოვა, მის მიმართ ცუდი გრძნობები არ მაქვს, თუმცა ჰარდენის წინააღდეგ მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებ".

„ეს არასდროსაა ძალიან პირადი, მაგრამ ჩვენ გვესმის, როგორც კონკურენტებს, გვსურს თამაშის მოგება. მნიშვნელობა არ აქვს თუ რატომ დატოვა „ბრუკლინი“, ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მის წინააღმდეგ მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებ“, - თქვა კაირიმ.

0.113669