კალათბურთი

10:54 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ბითაძის 15 ქულა და მამუკელაშვილის 100%-იანი შედეგი! (+VIDEO)
"ინდიანა პეისერსი" დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა - "მილუოკიმ" დიდი უპირატესობით მოიგო

ბითაძის 15 ქულა, მამუკელაშვილის 100%-იანი შედეგი და დარიუს გარლანდის კარიერის საუკეთესო შედეგი. დღეს დილით NBA-ში ორივე ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა და საკმაოდ ნაყოფიერადაც. დავიწყოთ გოგას „ინდიანა პეისერსით“.

რიკ კარლაილის გუნდი შინ „კლივლენდ კავალიერსს“ შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 3-ქულიანი სხვაობით - 124:127 დამარცხდა.

თამაში „პეისერსმა“ ცუდად დაიწყო, თუმცა მეორე და მესამე პერიოდებში მოუმატეს და ორივე მეოთხედი 8-8 ქულიანი უპირატესობით მოიგეს. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი გამოდგა, როდესაც მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე „ინდიანა“ 124:122-ს იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქე გუნდმა მომენტები გამოიყენა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა!

გოგამ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 18:10 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ჩვენებურს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მან 10-დან 6 სროლა ზუსტად გამოიყენა, საიდანაც - 4-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. +- მაჩვენებელი +3 ჰქონდა და ამასტანავე 4 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი საკუთარ გუნდში მოხსნების მხრივ საუკეთესო იყო.

ბითაძეზე კარგი შედეგი „პეისერსიდან“ მხოლოდ ჰალიბურტონს ჰქონდა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო საერთო ჯამში ქართველმა ცენტრმა მეოთხე შედეგი აჩვენა.

ყველაზე მეტი ქულა დარიუს გარლანდს ჰქონდა. 22 წლის გამთამაშებელმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მან ასევე 5 მოხსნა და 13 პასიც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა „კავალიერსის“ კიდევ ერთ მოთამაშე ევან მობლის - 22 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი.

„ინდიანას“ 22 მოგების წილ 45 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 13 მარტს, სტმრად „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ. „კლივლენდი“ კი 28 მოგებითა და 27 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. ჯეი ბი ბიკერსტაფის გუნდი 12 მარტს, სტუმრად „მაიამი ჰიტს“ შეხვდება.

რაც შეეხება „მილუოკი ბაქსს“, ბუდენჰოლცერის გუნდი სტუმრად „ოკლაჰომა სიტი თანდეტსს“ შეხვდა და 27 ქულით - 142:115 სძლია.

საუკეთესო ტრადიციულად იანის ანტეტოკუმპო იყო. ბერძენმა კალათბურთელმა 27:46 წუთი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის შედარებით მცირე დროა - 39 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მაინც დააგროვა. მას 19-და 13 სროლა ზუსტი ქინდა, მათ შორის 4-დან 4 სამქულიანი. იანისმა 15-დან 9 ორქლიანი და 12-დან 8 საჯარიმოც ჩააგდო.

ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა კი სამკვირიანი პაუზის შემდეგ NBA-ში ითამაშა, პარკეტზე არასრული 9 წუთი გაატარა (8:54) და 100%-იანი შედეგი დადო. ჩვენებურმა 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. მან 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, +- მაჩვენებელი კი +6 გამოდგა. სანდრომ ამ დროში 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ზედიზედ 5 გამარჯვებით „მილუოკი ბაქსს“ 41 მოგება და 25 მარცხი დაუგროვდა, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 10 მარტს, „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართავს. „ოკლაჰომას“ კი მიჯრთ 3 მარცხით 20-45-ზე ბალანსი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110936