რაგბი

20:47 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ამაშუკელი: "როდესაც თამაში დაიწყო, ემოციები გვერდზე გადავდე - კარგი შეფასება მივიღე" (+VIDEO)
"ემოციური იყო უკრაინისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები და ფეხზე წამომდგარი გადაჭედილი "Aviva Stadium-ი".

ნიკა ამაშუკელმა ექვს ერში ირლანდიისა და იტალიის შეხვედრა მთავარი მსაჯის რანგში განსაჯა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტურნირზე ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელმა იმუშავა. ნიკას 6 ერში დებიუტი 6 თებერვალს გამართულ საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე ჰქონდა, როდესაც მთავარი მსაჯის პირველი ასისტენტი იყო.

უშუალოდ ავივას სტადიონზე გამართული მატჩი კი უკრაინისადმი სოლიდარობით დაიწყო. შეხვედრის მე-18 წუთზე ამაშუკელმა ამე ფაიმა მოედნიდან გააძევა და იტალიელები კაცნაკლული დარჩნენ. ირლანდიამ მეტოქეს 9 ლელო დაუდო და დიდი ანგარიშით 57-6 აჯობა.

იმის გამო, იტალიას ამ ტურნირზე 2015 წლის შემდეგ არ მოუგია, გაუთავებელი კამათი მიდის იმის შესახებ, უნდა ჰქონდეთ თუ არა გარანტირებული ადგილი ექვს ერში. იყო მსჯელობა უნდა მიიღონ თუ არა იტალიის ნაცვლას საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა.

გუშინ, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ქართველმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არა როგორც მოთამაშე - ის მთავარი მსაჯი იყო, რომელსაც WORLDSPORT.GE ირლანდიაში დაუკავშირდა.

- ექვსი ერი, ირლანდიისა და იტალიის მორაგბეთა ნაკრები გუნდების დაპირისპირება და უკრაინისადმი სოლიდარობა...

- "განსაკუთრებული ემოცია იყო, რადგან მეორე დონის სარაგბო ქვეყნიდან პირველი ქართველი მთავარი მსაჯი ვიყავი. ემოციური იყო ჰიმნები, ემოციური იყო უკრაინისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები და ფეხზე წამომდგარი გადაჭედილი "ავივა სთედიუმი".

6 ერის მატჩი თავისი დიდებით ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. რაც შეეხება ირლანდია - იტალიის დაპირისპირებას, ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არც მეგონა ამდენი სარაგბო ექსპერტი თუ არსებობდა.

ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც უნდა მომხდარიყო - წესების მიხედვით და ეს კარგი გამოცდა იყო. როდესაც ამ დონის გუნდებთან წესების მხრივ გაუგებრობა იქმნება და მსაჯთა ბრიგადა დგას თავის მყარ პოზიციაზე, წესის მიხედვით წარმართავს ყველაფერს, ეს დიდი გამოცდაა და ამ გამოცდას თავი კარგად გავართვი. სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ფავორიტი ირლანდია იყო და მას შემდეგ, რაც იტალია კაცნაკლული დარჩა, საერთოდ გაუადვილდა ყველაფერი. ამ თამაშის შემდგომ კარგი შეფასება და გამოხმაურება მივიღეთ".

- ოცნების რეალობად რეალიზება და ემოციები

"ძალიან დიდი შრომა ჩავდე, რომ აქამდე მოვსულიყავი. ასევე იმისთვის, რომ ამ მატჩზე ოპტიმალურად გამოვსულიყავი. ვფიქრობ, დიდი პროცენტულობით ეს ყველაფერი გავაკეთე და ჩემვის ემოციური იყო. თუმცა, რა თქმა უნდა როდესაც თამაში დაიწყო, ემოციები გვერდზე გადავდე. იმდენად რთულია მსგავსი დონის მატჩების განსჯა, რომ მაყურებელს ეს ვერც კი წარმოუდგენია. იმდენად დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული მოედანზე გასვლა და ოპტიმალურად მსაჯობა, რომ ამის გადმოცემა შეუძლებელია. ამიტომ ის, რომ კომუნიკაცია იყო ძალიან გამოზომილი, მოძრაობა, ჯარიმები ზუსტი წესების ინტერპრეტირებით, ამაში ძალიან დიდი საქმე იყო ჩადებული და მიხარია, რომ ეს ყველაფერი გავაკეთე. რა თქმა უნდა წნეხი ყოველთვის მოყვება მსაჯის მიმართ, როცა ასეთი რაღაცეები ხდება მოედანზე - ვგულისხმობ გაძევებას და ამის გამო ყოველთვის არის უკმაყოფილება, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფერი ისე იყო, როგორც საჭიროა სარაგბო წესების მიხედვით".

- მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის განსჯა და სამომავლო გეგმები

- "მსოფლიო რაგბის ელიტარულ პანელში 13 მსაჯი ვართ და ყველას მიზანი ის არის, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იმსაჯოს. გამონაკლისი არც მე ვარ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, უნდა მივყვე დინებას, ყველა შემდგომი დანიშვნა, წინა პერფორმანსებიდან გამომდინარეობს. ამიტომ წინასწარ არ ვიცი სად დამნიშნავენ. გამოხმაურება კარგი მაქვს, ველოდები რომ ისევ იქნება კარგი თამაშები. შრომისა და თავდადების მხრივ არაფერს არ შევცვლი, დანარჩენი კი ვნახოთ რა მოხდება. არ ვფიქრობ წინასწარ მსოფლიოზე მოვხვდები თუ არა, რადგან ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ამ გზაზე თუ ფეხი დაგიცდა, დიდი შანსია, რომ ძალიან მარტივად ჩამოშორდე ყველაფერს. ამიტომ, შორ მიზნებზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ", - გვითხრა ნიკა ამაშუკელმა.

გეტყვით, რომ ამაშუკელი პირველი ქართველი არბიტრია, რომელმაც 7-კაცას მსოფლიო სერიაზე, მალაგას ეტაპზე იმსაჯა. ამის შემდეგ ექვსი ერის ჯერიც დადგა. მანამდე კი ჩემპიონთა თასის, ჩელენჯ ქაფის და 2019 წლის U20 ექვსი ერის მატჩებზეც უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114272