კალათბურთი

10:21 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 30 წუთი, ქართველი კალათბურთელი შედეგიანობის მხრივ "პეისერსში" მეოთხე იყო (+VIDEO)

დომანტას საბონისის ახალი თავგადასავალი გოგა ბითაძისთვის შანსია! ქართველი კალათბურთელი ლიეტუველი სუპერვარსკვლავის გუნდიდან წასვლის შემდეგ გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრად განიხილება და აი ასეც მოხდა.

„ინდიანა პეისერსი“ დღეს გამთენიას „ატლანტა ჰოუკსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მართალია დამარცხდა, (133-112) მაგრამ, 22 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო.

გოგამ „პეისერსის“ რიგებში 30:01 წუთი ითამაშა, რა დროშიც მისი მონაგარი 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა 2 ჩაჭრა და 3(!) დაფარება იყო. ჩვენებური საკმაოდ კარგად გაისარჯა და მისი 11 სროლიდან ზუსტი 6 გამოდგა - 50%-ზე მეტი. ბითაძემ 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. საჯარიმო ხაზიდან კი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. ამ დროის განმავლობაში კი 4 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

„პეისერსს“ 25 ქულა მოუტანა კრის დუარტემ. ლენს სტეფენსონმა კი სეზონის პირველ სასტარტო შეხვედრაში 24 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ „ინდიანას“ აღნიშნული შეხვედრისთვის მხოლოდ რვა ჯანმრთელი მოთამაშე ჰყავდა. რიკ კარლაილის გუნდიდან დომანტას საბონისთან ერთად, „საკრამენტო კინგსში“ გადავიდნენ ჯერემი ლემბი და ჯასტინ ჰოლიდეიც. ხოლო თავად ტაირიზ ჰალიბერტონი, ბადი ჰილდი და ტრისტან თომპსონი მიიღო.

''ეს საინტერესო ვაჭრობაა და ის მნიშვნელოვნად შეცვლის გუნდს. ჩვენ ვიმატებთ სამ მოთამაშეს, რომლებიც ახლა ძალიან კარგ ფორმაში არიან. ტაირის შემთხვევაში, მას აქვს შანსი განაგრძოს ზრდა. ფრენჩაიზის კალიბრის მცველის პოვნა 21 წლის ასაკში უკიდურესად რთულია'', - თქვა პეისერსის მწვრთნელმა.

შესაძლოა "ინდიანამ" 10 თებერვლამდე მაილს ტერნერი და ტი ჯეი უორენიც გაცვალოს, რაც გოგა ბითაძის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. ამ ეტაპზე ორივე კალათბურთელი ტრავმირებულია და მხოლოდ ეს შეიძლება გამოდგეს შემაფერხებელი ფაქტორი.

რას შეეხება უშუალოდ "ატლანტასთან" მატჩს, ნეიტ მაკმილანის გუნდმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. 26-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და თითქმის ბოლომდე შეინარჩუნა. გამარჯვებული გუნდის რიგებში საუკეთესო ტრაე იანგი იყო, რომელმაც 34 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.

"ატლანტა ჰოუქსმა" მიმდინარე სეზონში 133 ქულაზე მეტი მხოლოდ ერთ შეხვედრაში ჩააგდო - 134 ქულა 19 იანვარს, "მინესოტას" წინააღმდეგ. "ინდიანას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაკმილანი კი ამ შეხვედრაში გამარჯვებას დაწყებამდე გეგმავდა.

გამომდინარე იქიდან, რომ "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა, მწვრთნელმა "პეისერსთან" შეხვედრის წინ თქვა: "ეს ნამდვილად არის იმის დრო", რომ გავიუმჯობესოთ პლეიოფის მდგომარეობა".

მაკმილანის თქმით, მიზანი კონფერენციის ექვს საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა და პლეი-ინის თავიდან აცილებაა.

''ჩვენ არ ვსაუბრობთ ტოპ 10-ზე, არამედ საუკეთესო ექვსეულზე, სადაც გარანტირებული გვექნება პოზიცია. ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ეს დღეს საღამოს დაიწყო", - თქვა მაკმილანმა.

"ინდიანა პეისერსს" ზედიზედ 4 მარცხით - 19 გამარჯვების წილ 37 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, შინ, "კლივლენდ კავალიერსთან" ჩაატარებენ. ხოლო "ატლანტა" 26 მოგებითა და 28 მარცხით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, 12 თებერვალს კი შინ, "სან ანტონიო სპურსთან" ითამაშებს.

0.127527