კალათბურთი

13:40 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ALL STAR-ის ხუთეულები ცნობილია: აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდი კაპიტნის გარეშე ითამაშებს? (+VIDEO)

ლებრონ ჯეიმსი კლივლენდში ბრუნდება, თუმცა არა გუნდში, არამედ სხვა ამპლუაში - „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ქალაქში, სადაც 11 წელი თამაშობდა, ახლა ALL STAR-ის დასავლეთ კონფერენციის კაპიტნის რანგში ჩავა.

37 წლის ფორვარდის ხუთეულში „დენვერ ნაგეთსიდან“ ნიკოლა იოკიჩი „გოლდენ სტეიტ უორიორზიდან“ ენდრიუ უიგინსი და სტეფენ კარი, ხოლო „მემფის გრიზლიდან“ ჯა მორანტი იქნებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ მორანტი და უიგანსი ყველა ვარსკვლავის მატჩის დებიუტანტები არიან, ხოლო გუნდის კაპიტანი ALL STAR-ში ზედიზედ მე-18-ედ იტამაშებს და კობი ბრაიანტის რეკორდს გაიმეორებს.

ლებრონმა, რომელმაც NBA-ის კარიერა 2003 წელს „კავალიერსში“ დაიწყო ყველა ვარსკვლავის მატჩში 2005 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ის ALL STAR-ის MVP 3-ჯერ 2006, 2008 და 2018 წელს გახდა. პირველ გუნდში 2006, 2008-2018 და 2020 წელს მოხვდა, ხოლო მეორეში 2005, 2007 და 2021. ერთადერთხელ იყო მესამე გუნდში 2019 წელს.

71-ე ყველა ვარსკვლავის მატჩში აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის კაპიტანი გასული წლის მსგავსად, კვლავ კევინ დურანტი იქნება, თუმცა დიდი ალბათობით „ბრუკლინ ნეტსის“ ლიდერი თამაშში მონაწილეობას მუხლის ტრავმის გამო ვერ მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს მას. დურანტის ხუთეულში „ფილადელფიიდან" ჯოელ ემბიდი, „მილუოკი ბაქსიდან“ იანის ანტეტოკუმპო, „ჩიკაგო ბულსიდან“ დემარ დეროზანი და „ატლანტა ჰოუქსიდან“ ტრეი იანგი იქნებიან.

კევინ დურანტი ALL STAR-ში მე-11-ედ მიიღებს მონაწილეობას. 33 წლის ამერიკელმა ყველა ვარსკვლავის მატჩში აქამდე 2010-2019, 2021 წლებში ითამაშა.

სასტარტო ხუთეულების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა. ხმების 50% გულშემატკივრების იყო, ხოლო 25-25% მოთამაშეთა და მედიის წარმომადგენლებზე გადანაწილდა. კაპიტნები გულშემატკივრებმა შეარჩიეს, შესაბამისად ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. კაპიტნები გუნდებს მოგვიანებით დაასახელებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 5-კაციან ძირითად შემადგენლობებში დღეის მდგომარეობით კონფერენციების ლიდერი გუნდებიდან: „ფინიქს სანსიდან“ და „მაიამი ჰიტიდან“ არცერთი კალათბურთელი მოხვედრილა. ასევე სიის მიღმა დარჩა "დალას მავერიკსის" ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი. სლოვენიელთან ერთად NBA-ს რამდენიმე გამორჩეული სახეც დაიჩაგრა.

  • 2022 NBA All-Star | ყველა ვარსკვლავის მატჩი | 20 თებერვალს, კლივლენდში გაიმართება, ხოლო რეზერვები, რომლებსაც მთავარი მწვრთნელები შეარჩევენ, 3 თებერვალს გაირკვევა.
0.117808