ფეხბურთი

17:36 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა კარიერას სამხრეთ კორეულ გუნდში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა კარიერას სამხრეთ კორეულ კლუბში გააგრძელებს. ინფორმაციას კვიპროსული Goal.philenews ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 28 წლის თავდამსხმელი „ჯეონმან დრაგონსში“ ითამაშებს, რომელიც გასული წლის კორეის თასის გამარჯვებულია.

„ქართველმა თავდამსხმელმა „ანორთოსისთან“ კონტრაქტი „აპოელთან“ თამაშში ქვილითაიას გოლის აღნიშვნის შემდეგ სკანდალურად დაასრულა, რამაც გულშემატკივრების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ნიკა მას შემდეგ ახალი კლუბის ძიებაში იყო და რამდენიმე ვარიანტიც ჰქონდა, მათ შორის პოლონეთის ჩემპიონატიდან, თუმცა საბოლოოდ გადასვლა მაინც კორეულ გუნდში არჩია. ახლა ის საქართველოშია და სამხრეთ კორეის ვიზის მოლოდინშია, რათა ტრანსფერი ოფიციალურად დაიხუროს“, - წერს კვიპროსული გამოცემა.

„ჯეონმან დრაგონსი“ გასულ სეზონში K2 ლიგაში 52 ქულით მე-4 პოზიციაზე გავიდა. ახალი სეზონი კი 19 თებერვლიდან დაიწყება. კვანიანის გუნდი 4-ჯერ სამხრეთ კორეის თასის (1997, 2006, 2007, 2021), ერთხელ კი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულია (1999).

ნიკა კაჭარავამ საფეხბურთო კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო, სადაც 3 სეზონი გაატარა, მას შემდეგ კი „როსტოვის“, „ეთნიკოსის“, „კორონას“, ანორთოსისის“, „ლეხის“ ღირსებას იცავდა. ბოლო სეზონში კი „ანორთოსისში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ტურნირის გათვალისწინებით 13 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა. კაჭარავას საქართველოს ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, მას ასევე უთამაშია 19-წლამდელებსა და 21-წლამდე ნაკრებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115191