ფეხბურთი

17:18 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გაგა კირკიტაძე: "ეროვნულ ლიგას ერთიანი ოჯახი შეემატა, რომელიც მუდმივად ვითარდება"

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ ქობულეთის „შუქურასთან“ გამარჯვებისა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტის განცხადებით, ეროვნულ ლიგას კარგი კლუბი და ერთიანი ოჯახი შეემატა, რომელიც ყოველწელს პროგრესირებს.

„რა თქმა უნდა, პირველი თამაშის სირთულიდან გამომდინარე, დღესაც რთულ თამაშს ველოდით, მაგრამ რეალურად ამჯერად მთავარი იყო შედეგი, ამისთვის ვიმუშავეთ. მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც გაითავისეს, თუ რისი მიღწევა გვინდოდა ამ თამაშში. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ეროვნულ ლიგაში აღზევება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაც პირადად მე მახარებს, ისაა, რომ ყოველწლიურად წინ და წინ ვდგამთ ნაბიჯს და ჩვენი მთავარი ამოცანაც სწორედ ესაა.

ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და გავივლით მომდევნო სეზონის მიზნებს. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნულ ლიგას კარგი, შეკრული დიდი ოჯახი შეემატა და „გაგრა“ ეროვნულ ჩემპიონატს გააძლიერებს“, - თქვა კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „გაგრამ“ ქობულეთის „შუქურა“ დაძაბულ ორმატჩიან დუელში 1:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113503