კალათბურთი

11:50 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ანტეტოკუმპომ 40 ქულა ჩააგდო, "მილუოკი ბაქსმა" მიჯრით მერვე გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

„მილუოკი ბაქსი“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ 18 ნოემბერს დაწყებული მოგებების სერიას აგრძელებს და მიჯრით მე-8 შეხვედრაში იმარჯვა. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი შინ, „შარლოტ ჰორნეტსს“ შეხვდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში - 127:125 აჯობა.

თავდაპირველად „ბაქსისთვის“ მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო, რადგან ბორეგოს გუნდს +16 გაქცევა ჰქონდა და დამაჯერებლად იგებდა. თუმცა, მეორე პერიოდში „მილუოკომ“ 8 ქულა გაქვითა და ტაიმი 60:68 დასრულდა.

მეორე ნახევარიც „ჰორნეტსის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ, თანდათან პოზიციების დათმობაც მოუხდათ. მესამე პერიოდში ანტეტოკუმპო და კამპანია წინ პირველად გაიჭრა. 2:25 წამით ადრე ჯორჯ ჰილმა სამქულიანი ჩააგდო და 91:90 გახდა. დარჩენილ დროში გუნდებმა ქულები გაცვალეს და კულმინაციურ პერიოდამდე ანგარიში 97:95 დაფიქსირდა.

ყველაფერი დასკვნით 12-წუთეულში გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წამი რჩებოდა, როდესაც ლამელო ბოლმა 3-ქულიანით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილი დრო „ბაქსმა“ კარგად გამოიყენა და იანისმა გამარჯვების მომტანი 2-ქულიანი ჩააგდო. „ჰორნეტსს“ მატჩის გადასარჩენად 2 წამი ჰქონდა, მაილს ბრიჯისმა შორიდან ისროლა, მაგრამ ბურთი ბადეში არ გაეხვა და მამუკელაშვილის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი კალათბურთელი სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა, არ უთამაშია. სანდრომ განვითარების ლიგაში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ბუდენჰოლცერმაც მისი უკან დაბრუნება მოითხოვა. 28-ქულიანი მატჩის მიუხედავად, ის პარკეტზე მაინც ვერ ვიხილეთ.

შეხვედრის გმირი კი ბერძენი კალათბურთელი გამოდგა. გრიკ ფრიკს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 პასი დააკლდა. მან საკუთარ გუნდს 40 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 26 წლის ფორვარდმა 24-დან 15 სროლა ზუსტად გამოიყენა. მან 4-დან 1 სამქულიანი, 20-დან 14 ორქულიანი და 13-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

მეორე შედეგი მიდლტონს ჰქონდა, რომელმაც 21 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, ხოლო 10-ქულიან ზღვარს ორივე გუნდის შემადგენლობაში 12 კალათბურთელი გადასცდა.

დამარცხებულთა გუნდიდან საუკეთესო ლამელო ბოლი იყო. 20 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა 36 ქულა, 5 მოხსნა, 9 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მან 22-დან 12 სროლა გამოიყენა. 15-დან 8 სამქულიანი, 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 25 ქულა ჰქონდა ოიბრეს, ხოლო ბრიჯისმა 22 ქულას 9 მოხსნაც დაამატა.

ამრიგად, „მილუოკი ბაქსს“ 22 თამაშიდან 14 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი შემდეგ შეხვედრას 3 დეკემბერს, სტუმრად „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. „შარლოტ ჰორნეტსს“ კი ზედიზედ 3 მარცხით 13 მოგება და 11 წაგება დაუგროვდა, რაც მე-9 ადგილისთვის არის საკმარისი. ბორეგოს გუნდი მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს, სტუმრად „ატლანტა ჰოუკსთან“ გამართავს.

0.116752