სხვა

13:20 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშო მარცხით დაასრულა (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ტოჩინოშინს წლის ბოლო სუპერტურნირის საწყისი 4 საშეჯიბრო დღე ტრავმის გამო გაუცდა და ამან შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

ტოჩი დღეს მე-11 მაეგაშირა ტერაცუოშის შეხვდა და შიტატეჰინერის ილეთით დამარცხდა. ქართველმა გოლიათმა მცირეწონოსან მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და დოჰიოზე თავად დაეცა. ეს წყვილის მე-6 დაპირისპირება იყო და ჩვენებურს ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი გაეზარდა - 2 მოგება, 4 მარცხი.

ამრიგად, ლევანმა ნოემბრის ბაშოზე 6 შეხვედრა მოიგო, ექვს ორთაბრძოლაში დამარცხდა, ხოლო გაცდენილი 3 შეხვედრა წაგებად ჩაეთვალა. მან ელიტარულ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, რანგში დაქვეითება მაინც ემუქრება.

0.152906