ბლოგი

16:00 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკოს “თავხედი მოხუცის“ გადამრჩენელად უხმეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო, იტალიის საფეხბურთო კლუბ “ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც იცით, ანდრეი უკრაინის ნაკრებიდან უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წამოვიდა და რამდენიმე თვე ელოდა საინტერესო შეთავაზებას. და აი, ახლა, მისთვის ესოდენ მშობლიური იტალიის სერია “ა“-ს კლუბის ვარიანტიც გამოჩნდა.

ახლანდელი “ჯენოა“ სწორედაც რომ საჭიროებდა ახალ მწვრთნელს და ზოგადად ცვლილებებს. ეს ტიტულმრავალი გენუური გუნდი ბოლო წლებია სულს ღაფავს და მხოლოდ რაღაც უცნაური იღბლით თუ ახერხებს იტალიის უმთავრეს ლიგაში დარჩენას. გუნდის უკანასკნელმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდე ბალარდინიმ იმდენი “მოახერხა“, რომ გუნდს 12 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია და კლუბში არსებული ისედაც რთული სიტუაცია ტურიდან ტურამდე სულ უფრო მძიმდებოდა.

რთული სათქმელია, მწვრთნელად გარდასახული “მილანის“ ლეგენდარული 7 ნომერი მოევლინება თუ არა ზღვისპირელებს მხსნელად, მაგრამ ანდრეის ქარიზმა და ავტორიტეტი “ჯენოაში“ არსებულ ჩამყაყებულ სიტუაციას ნამდვილად გამოაცოცხლებს და ამ უძველესი გუნდის ისტორიაც იქნებ არ წარიმართოს ისე გულდარდიანად, როგორც სხვა მრავალი კლუბის ისტორია წარიმართა, როდესაც ფინანსური (და არამხოლოდ ფინანსური) კრიზისი დაძლევა ვერ მოახერხეს.

“ჯენოა“ ნამდვილად არაა ერთი ჩვეულებრივი და უბრალო გუნდი. ამ კლუბმა უდიდესი როლი შეასრულა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში და რომ არა გენუური კრებული, შესაძლოა, აპენინებზე ფეხბურთის განვითარება სულ სხვა გზით წასულიყო. თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში “ჯენოამ“ ცხრაჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. გუნდმა პირველი ტიტული მოიპოვა შორეულ 1898 წელს ანუ მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ჯერ არც კი არსებობდა. ბოლოს გენუელებმა 1923–24 წლებში იპირველეს. გუნდმა ერთხელ მოიგეს იტალიის თასიც მოიგო. იტალიის ჩემპიონატების ისტორიას რომ გადავხედოთ, მოგებული ჩემპიონატების რაოდენობის მიხედვით, “ჯენოა“ მეოთხე კლუბია, რაც დაგვეთანხმებით, უბრალო ამბავი სულაც არაა.

მიუხედავად იმისა, რომ “ჯენოა“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმეტესად სერია A-სა და B-ს შორის მიმოდიოდა, გუნდს სწორედ ამ პერიოდში დაერქვა მეტად საცნაური მეტსახელი - “თავხედი მოხუცი“, რაც პირველყოვლისა გუნდის სიძველეზეა ხაზგასმა და ასევე გამოხატავს იმასაც, რომ გენუელები კონკრეტულ მატჩებში ხშირად ამარცხებდნენ გრანდებს და ამას მუდმივად ერთგვარი “თავხედობით“ აკეთებდნენ ხოლმე. ამგვარი გუნდებისთვის ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში ადგილობრივმა გაზეთებმა პრიზიც კი გააწესეს სახელწოდებით “ავტორიტეტთა რისხვა“ და სხვათა შორის, ეს პრიზი და წოდება თბილისის “დინამოს“ არაერთხელ მიუღია.

მართლაც დასანანი იქნება ამ უდავოდ ლეგენდარული გენუური კლუბის კიდევ ერთი დაცემა და რანგით დაბალ ლიგაში მორიგი ჩაძირვა. ეგებ სწორედ “შევა“ გახდეს “ჯენოას“გადამრჩენელი?! დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იტალიის ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ 11 ტურია გასული.

0.104393