ძიუდო

14:16 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია (+VIDEO)

ძიუდოში ბაქოს გრანდ სლემი დაიწყო და საქართველოს ნაკრებს პირველი ფინალისტი ჰყავს - ჯაბა პაპინაშვილი. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე სამი ქართველი გავიდა და ჯაბას გარდა, მედლისთვის ბრძოლას ბაგრატ ნინიაშვილი აგრძელებს.

პაპინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში პირველ წრეში უკრაინელ კირილ სამოტუგს იპონით მოუგო, ისევე როგორც შემდეგ წრეში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს, ნახევარფინალში კი მონღოლი სუმიაბაზარ ენხტაივანი ვაზარით დაამარცხა და ფინალში რუს ალბერ ოგუზოვს გაეჯიბრება.

66 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოვიდა. ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ ვაჟა მარგველაშვილისთვის ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი შეჯიბრება წარუმატებელი გამოდგა. ვაჟა პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი იაპონელ იუჯი აიდასთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. სამაგიეროდ, ამავე წონაში ბრინჯაოს შანსი აქვს ბაგრატ ნინიაშვილს, რომელმაც აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი თავად წააგო ვაზარით მოლდოველ დენის ვიერუსთან. ნინიაშვილი რეპეშაჟშია, სადაც რუს იაბუკ შალიმოვს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ტატამიზე ბრინჯაოს მედლისთვის გავა.

ბაქოს გრანდ სლემზე 6-7 ნოემბერს კიდევ 7 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს: ჯუმბერ მელაძე (73 კგ), გიგა გიგაური (81 კგ), თორნიკე ფოლადაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114494