ბლოგი

12:02 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სარკე

რაღაცნაირი საკლუბო ტურნირია ეს ევროპის კონფერენს ლიგა. ტურნირი კი არა, თითქოს სარკეა, რომელშიც ჩვენნაირმა ქვეყნებმა უნდა ჩაიხედონ და დაინახონ ის რეალობა, რომლისთვისაც თვალის გასწორებაც ხშირ შემთხვევაში ესოდენ რთულია. ილია ჭავჭავაძის დროს ფეხბურთი მხოლოდ ფეხს იკიდებდა ჩვენში, მაგრამ ის პატიოსანი კაცი თითქოს მაშინდელ თავად-აზნაურობის სივაგლახეზე კი არა, ქართულ ფეხბურთზე წერდა “ლუარსაბ თათქარიძეს“ და გვარწმუნებდა, თქვენი მოყვარე რომ ვარ, იმიტომ გამათრახებთ ასე მწარედო.

ილია მშვიდად იყოს მთაწმინდაზე და უმჯობესია, ჩვენ ისევ კონფერენს ლიგას დავუბრუნდეთ. მართლა იმდენ რამეს გვაჩვენებს ეს ახალთახალი გათამაშება, ასე ნათლად “მოყვარეც კი ვერ გიზრახავს“. უყურებ ამ “სარკეს“ და თვალნათლივ ხედავ, რომ სომხური “ალაშქერტი“ ჯგუფშია გაღაღანებული და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლა არ ძალუძს, სომეხი ქომაგები მაინც ბედნიერები არიან, ისტორიაში პირველად ევროტურნირის ჯგუფის ეტაპს რომ უწიეს. იქვეა აზერბაიჯანული “ყარაბახი“, რომელსაც ფულიც ბევრი აქვს, ლეგიონერებიც სანაქებო დაურბის და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფიდანაც კოხტად გავლენ და შემდეგში რას იზამენ, კაცმა არ იცის.

ნახავთ სლოვენიურ უსახელო კლუბ “მურას“, რომელსაც ქულათა გრაფაში დიდი 0 უწერია, მაგრამ სამაგიეროდ, წინ კიდევ სამი თამაში აქვს და მინიმუმ სამ სათამაშო დღეს კიდევ გაიხარებენ სლოვენიელი ქომაგები საყვარელი გუნდის ცქერით. ჯგუფურ ეტაპამდე მიუღწევია ლამის გუშინ შექმნილი ქვეყნის - გიბრალტარის უცნაურ და სამოყვარულო კლუბ “ლინკოლს“, რომლის წარმატების შესახებ ორი კვირის წინ გერმანული ტელეარხის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ვნახე და მეთევზეებითა და მწყემსებით დაკომპლექტებულ გუნდს ისეთ დითირამბებს უძღვნიდნენ, თითქოს გუშინ შექმნილი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ყოფილიყო საუბარი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ესტონური საფეხბურთო კლუბი “ფლორა“, რომელმაც თემურ ქეცბაიას “ანორთოსისს“ გასვლაზე ფრე ეთამაშა და ჯგუფიდან გასვლა თითქმის გადაუწყვეტელ პრობლემად უქცია. მართალია, სავარაუდოდ ვერც “ფლორა“ გააღწევს უფრო წინ, მაგრამ ვთქვათ, ათი წლის წინ ვინმე იწინასწარმეტყველებდა, რომ ესტონეთის უსუსტესი ჩემპიონატის წარმომადგენელი ასეთ რამეებს “გაბედავდა?“

ყაზახეთი? იქაური საკლუბო ფეხბურთი საერთოდ გუშინ წამოიჩიტა და შუააზიელებმა არამხოლოდ ევროპის კონფერენს ლიგის, ჩემპიონთა ლიგის გემოც კი გაიგეს. წელს “კაირათი“ ნამეტანი რთულ ჯგუფში მოხვდა და იქიდან ალბათ ვერ მოახერხებს გაძვრომას, მაგრამ ჯგუფში ხომ მოხვდა? მომავალ კიდევ წინაა...

სლოვაკეთის, ნორვეგიის, დანიის, კვიპროსის, ფინეთის, რუმინეთის და ზოგადად ევროპის, საფეხბურთო თვალსაზრისით სხვა, “მეორე ეშალონის“ ქვეყნების წარმომადგენელი კლუბების ნორმალურ გარჯას დიდი ხანია მივეჩვიეთ და მათგან არც გამარჯვებები გვიკვირს და მაგალითად, “ბოდო გლიმტის“ მიერ იტალიური “რომას“ განადგურებასაც განსაკუთრებული ემოციების გარეშე ვხვდებით.

და ჩვენ ვინ ვართ და სად ვართ ამ დროს? ვის დავკარგივართ საერთოდ და ვის რაში ჭირდება ჩვენი უსაგნო ამბიციები, სამარცხვინო საკლუბო ფეხბურთი და ქართული ფეხბურთის “მესვეურების“ კიდევ უფრო სამარცხვინო ბოდვა, რომ “არ გვიმართლებს“ და “ფეხბურთის განვითარება ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ“. ამათი დაწყებული და გაკეთებული არ გაიშვა არსად!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119967