რაგბი

15:36 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ლომის" მეორე გამარჯვება და პირველობისთვის მებრძოლი ქართული ფრანჩაიზი

რაგბი ევროპის სუპერ თასზე პირველი ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი პენზაში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და მეტოქე გუნდი ბონუს ქულით - 27:11 დაამარცხა.

ქართველმა მორაგბეებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. თავის მხრივ „ლოკომოტივმა“ ახალ ტურნირზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. მანამდე მათ 2 მატჩი "ენისეისთან" დათმეს.

ანგარიში ჯარიმით გიორგი ბაბუნაშვილმა გახსნა და საკუთარი გუნდი 3:0 დააწინაურა. თუმცა, მალევე მეტოქე გუნდმა ორი ჯარიმა გაიტანა და წინ გავიდა. აღსანიშნავია, რომ მათ ანგარიშში წინ გაჭრა მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა, რადგან მე-14 წუთზე დავით გიგაურმა მეტოქეთა შეცდომით ისარგებლა და პირველი ლელო გაიტანა, რომელიც ასევე ბაბუნაშვილმა გარდასახა და უპირატესობა კვლავ ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს. პირველ ტაიმში ჩვენებურებმა კიდევ 2 ლელო დადეს, რომელიც მოლის შემდგომ შალვა მამუკაშვილმა მიითვალა. პირველი ნახევრის მიწურულს გიორგი ბაბუნაშვილის ლელოს ჯერიც დადგა და ახალგაზრდა სპორტსმენის დამიწების შემდგომ გუნდები შესვენებაზე 6:22 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი გამოდგა და როგორც ქართველებმა, ისევე "ლოკომოტივმა" მხოლოდ თითო ლელოს დადება მოახერხა. რუსული გუნდის რიგებიდან ეს გიორგი ჭყოიძემ მოახერხა და სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა. ჩვენებურთაგან მეტოქეთა ჩათვლის მოედანი გოგა ხუროშვილმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ ლელოს წყალობით კი ბონუს ქულაც მოვიპოვეთ.

„შავი“ ლომი“ 2 გამარჯვებით სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილს „ენისეისთან“ ინაწილებს, რომელსაც ზუსტად ერთ კვირაში დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე რუსულ გუნდს ბურთების ბალანსი 66-27-ზე აქვს, ხოლო ქართველ მორაგბეებს 60-21-ზე. ამ გუნდების შეხვედრა 30 ოქტომბერს, სოჭში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112742