ჭიდაობა

22:25 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ წურწუმიას ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე და კიდევ სამი ბრინჯაოს შანსი

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა, რომელიც ნუგზარ წურწუმიას (55 კგ) ანგარიშზეა - მან ბრინჯაოს დაუფლება მოახერხა.

წურწუმიამ პირველ წრეში რუსეთის წარმომადგენელ ემინ სეფერშაევთან 2:3 წააგო, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ნუზგარი რეპეშაჟში გაიყოლა, სადაც ის ვერავინ შეაჩერა. ქართველმა მოჭიდავემ ჯერ ყაზახი ხორლან ჟაკანშა 9:0 და მერე სომეხი ნორაირ ჰახოიანი ასევე 9:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორ იაკობ ქაჯაიას (130 კგ). მან ამერიკელი მაიკ შულცი 5:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ბექა კანდელაკს 5:1 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში კიდევ ერთ ქართველ, მაგრამ რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურს შეხვდა და 1:2 წააგო. შედეგად, შაბათს, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

რეპეშაჟში იასპარეზებს ირაკლი ძიმისტარიშვილი, რომელმაც 60 კგ წონით კატეგორიაში ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩუსს 4:2 მოუგო, მეოთხედფინალში კი ყირგიზ ჟოლამან შარშენბეკოვთან 2:5 წააგო, მაგრამ ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა ძიმისტარიშვილი რეპეშაჟის პირველ წრეში ბელარუს მაქსიმ კაჟარსკის გაეჯიბრება, გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე. იგივე შანსი აქვს გიორგი მელიას (97 კგ), რომელმაც ჯერ ყაზახ იერულან ისკაკოვს 4:0 მოუგო, შემდეგ პოლონელი სიპრიან კურნიჩაკი 3:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ირანელ მოჰამადჰადი სარავისთან 1:9 წააგო, რომელიც ფინალში გავიდა. რეპეშაჟის პირველ წრეში გიორგი რუსეთის წარმომადგენელ არტურ სარგსიანს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114317