მთავარი

12:40 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ილუზიები

არც ისე დიდი ხნის წინ დრო იყო, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშობდნენ. ამის შემდეგ ჩვენს თავს იმდენი რამ მოხდა, რომ რუსეთის მერე ლიგაში და უკრაინის ჩემპიონატში ნორმალურად მობურთალი ქართველებიც კი დიდ ამბად გვეჩვენება და იტალიურ, ინგლისურ, ესპანურ თუ გერმანულ გუნდებში ქართველების ხარისხიანი გარჯა ლამის საუკუნის წინანდელ ამბად გვიჩანს.

მე არ ვამბობ, რომ ტოპ-ლიგებში ადრე ქართველები საოცრებას ახდენდნენ, მაგრამ გიორგი ქინქლაძის თუნდაც ორ სეზონში კარგად ჩატარებული შეხვედრები და კახა კალაძის მიერ აღებული ჩემპიონთა ლიგის თასები უბრალო ამბავი სულაც არაა და ალბათ სწორედ მაშინდელი ემოციების გავლენის ქვეშ მიჰყავთ საქართველოში ფეხბურთზე ბავშვები. აბა, ცოტა უცნარი ვინმე უნდა იყო, უყურებდე საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი კლუბების სიბეჩავეს და შვილი ფეხბურთზე მაინც შეგყავდეს. ძველი და საამო ამბები ადამიანებს, როგორც წესი, არ გვავიწყდება ხოლმე.

ახლა კი, როგორც წესი, ოცნებებსა და ილუზიებს ვეჭიდებით. მაგალითად, დღემდე იმის ილუზით ვცხოვრობთ, რომ უდავოდ ნიჭიერი, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატზე გადაგებული ხვიჩა კვარაცხელია დღეს თუ არა ხვალ თათრეთის დედაქალაქიდან აიკრავს გუდა-ნაბადს და სადმე თბილ, კარგ და რაც მთავარია, საფეხბურთო ქვეყანაში წავა. ხვიჩას უცნაურ ბედს და ამჟამინდელ ხვედრს ზოგი მის აგენტს აბრალებს, ზოგი კორონა-პანდემიას და ზოგი უიღბლობას. არადა, ჯიუტად არ გვინდა იმის დანახვა, რომ ხვიჩას უდავო ნიჭიერების მიუხედავად, ვსაუბრობთ ერთ პატარა ბიჭზე, რომელიც რუსეთის პროვინციულ კლუბში აგორებს ბურთს და სეზონში დაახლოებით 3-4 გოლზე მეტი ჯერ ვერ გააქვს. სტატისტიკა ზოგადად ოხერი რამეა. დაბინდული თვალების ახელვას იწვევს. არადა, გვინდა და მერე როგორ გვინდა, რომ ხვიჩამ გაამართლოს ჩვენი იმედები, მაგრამ ლოდინი, როგორც წესი, არაა ჩვენი ძლიერი მხარე.

ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ჯერ გაღმერთება, მასზე სამომავლო იმედების დამყარება და მერე ხელის ჩაქნევა, ქართველი ქომაგების, უფრო სწორად კი ე.წ. ქომაგების კისერზეა. გაკვირვებული ვუსმენდი ხალხს, რომლებიც სერიოზულად საუბრობდა ბელგიური უსახური კლუბის ფეხბურთელზე როგორც ახალ მიშა მესხზე და დავით ყიფიანზე. საკმარისი იყო მეთქვა, რომ ჯერ ასეთი შედარებები და პარალელები ადრეა და სასაცილოც კია, უდავოდ პერსპექტიული ჩაკვეტაძის დიდ მიხეილ მესხთან შედარება - მხოლოდ ირონიულ დამოკიდებულებას ვიმსახურებდი. არადა, ვის არ გვინდა ამ ბიჭის წარმატება? ვის არ გაგვიხარდება რომ ახდეს ჩვენი ოცნება და გიორგიმ ტრავმიანი საშინელი დღეები საბოლოოდ მოიტოვოს უკან?...

ამ საფეხბურთო სეზონის დასაწყისში სასწაული მოხდა. როგორც იქნა, ქართველი მეკარის ესპანურ “ვალენსიაში“ თამაშს ვეღირსეთ. მაგრამ საკმარისი იყო გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების კარში ჩამდგარიყო, მალევე მტერიც და მოყვარეც მიხვდა, რეალურად სად ვართ, რა გვინდა და რა შეგვიძლია.

ჩვენდა სამწუხაროდ, გუშინ ვალენსიური კლუბის კარში სილესენი დაბრუნდა და ურიგოდ არ უთამაშია. ზოგადად, მაღალი დონის მეკარეებს დიდი და აშკარა ჩავარდნები, როგორც წესი, იშვიათად აქვთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სილესენმა (მით უმეტეს ასეთი კონკურენციის პირობებში) ათასი სისულელე აკეთოს, მაგრამ ჩვენ, ქართველები, მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ მამარდაშვილს კიდევ მიეცემა თავისი შანსი და ამჯერად უკვე მყარად და დიდი ხნით დაიმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. აქაც იმედით და მხოლოდ იმედით შეგვიძლია ვიყოთ.

და ბოლოს, ძალიან კარგი იქნება ქართველები ჩვენ ფეხბურთს, ფეხბურთელებს, ნაკრებს, ქართულ კლუბებს, ქართულ სპორტს, ზოგადად ჩვენს ქვეყანას და ცხოვრებას, კრიტიკული თვალით თუ შევხედავთ. მგონი, უკვე მოვიდა ამის დრო. არა?!...

0.122236