მთავარი

17:01 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მართალი იყო ის კაცი...

შური ნამდვილად არაა ადამიანის საამაყო თვისება. ცნობილი ამბავია, რომ როდესაც ვინმესი და რაიმესი გშურს, უკვე შენშია პრობლემა. მაგრამ რა ვუყოთ იმ განცდას, რაც გასულ კვირას მეწვია, როდესაც ევროპის რანგით პირველ, მერე და მესამე საკლუბო ტურნირების ლამის ყველა შეხვედრის თამაშის მომენტებს ვუყურე.

ვის არ ნახავდით იქ. მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის ყოვლად უცნაურ ვითარებაში შექმნილ კლუბს, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ქალაქების კლუბებს, აზერბაიჯანის მიერ ახლადდაბრუნებული, აწყოფილი ოკუპირებული რეგიონის კლუბს, ჩვენი მეორე მეზობლის - სომხეთის გუნდს, სამხრეთ ევროპის პატარა კუნძულზე გუშინ შექმნილი ქვეყნის სრულიად უცნობ გუნდს, ყოფილი საბჭოთა კავშირის უღარიბესი ქვეყნების კლუბებს და უამრავ აღმოსავლეთევროპულ გუნდს, რომლებიც ევროტურნირებზე უკვე სისტემატიურად გადიან.

მათ შორის ცხადია არ იყვნენ ქართული კლუბები და მიუხედავად იმისა, რომ თუკი ჩვემი საკლუბო ფეხბურთოს უდაბლეს დონეს გავიხსენებთ, ამაში უცნაური ბევრი არაფერია, მაინც ძალიან შემშურდა ყველა იმ ქვეყნის ქომაგის, რომელთა გუნდები სულაც რომ ჯგუფებში ჩარჩნენ, ევროპის სტადიონებზე მინიმუმ ამ წლის ბოლომდე მაინც გააგორებენ ბურთს. ეს კლუბები იშოვნიან დამატებით სახსრებს, შეიძენენ მეტ ცნობადობას და ასე დადგებიან განვითარების გზაზე. ჩვენ კი კვლავინდებურად ვიქნებით ჭაობში, გამოვვარდებით თუნდაც ყველაზე სუსტი ევროტურნირის შესარჩევი ეტაპის პირველივე ეტაპიდან და ამ უბედურებაზე პასუხისმგებლობას არავინ აიღებს.

არსებული სიტუაციის მიმართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებებით თუ ვიმსჯელებთ, გამოსავალი არ ჩანს და არც არავინ შეიწუხებს თავს გამოსავლის ძიებთ. ასეთ დროს კი ქომაგებს ერთდაერთი რაც დაგვრჩა, ოცნებები და წარმოსახვებია და მხოლოდ ამ შემთხვევაში მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვემი ფეხბურთის რაიმე სახის წარმატება.

ადრე სოციალურ ქსელში ხუმრობით ვწერდი, როგორი საფეხბურთო ჩემპიონატი ექნებოდა ე.წ. ფხოვის რესპუბლიკას. ფხოვის (ანუ მთიულების, ხევსურების, მოხევეების, გუდამაყრელების, ფშავლებისა და თუშების) სახელმწიფო შეიქმნებოდა იმ შემთხვევაში, თამარ მეფეს აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები ძალით რომ ვერ გაექრისტიანებინა და რელიგიური დაპირისპირების ნაიდაგზე მთიელებს თავიანთი სახელმწიფო - ჯერ ფხოვის სამთავრო და ახალ დროში უკვე ფხოვის რესპუბლიკა ჩამოეყალიბებინათ.

იმასაც ვწერდი, რომ ჩაბანოს 1990 წლის მანიფესტით განსაზღვრულ ქვეყნის პროდასავლურ კურსს, 2010 წლის რეფერენდუმის შედეგებიც გაამყარებდა. “ნატოშიც გვინდ!“, “ევროკავშირიმც იქნების!“ - ასეთი წარწერებით უზარმაზარი ბილბორდები გაიკვრებოდა დუშეთი-ბორბალო-ომალოს საერთაშორისო ავტობანზე. ჩიკაგოში აშშ-სთან დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულებით კი უკვე 1988 წლიდან თრუსოში პირველი ერთობლივი ფხოვურ-ამერიკული საწვრთნელი ცენტრი გაიხსნებოდა. იმ არარსებულ ქვეყანაში იქნებოდა მაგარი საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც კორუმპირებულ და უსაქმურ საფეხბურთო მოხელეებს მარჯვენა ხელის მოკვეთით დასჯიდნენ და ვისაც ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა, უბრალოდ სხვა საქმით დაკავდებოდა.

მახსოვს ამ უცნაური და სახალისო “ქვეყნის“ შესახებ მეგობრებმა ბევრი ვიხალისეთ. სოცალურ ქსელშივე ათასგვარი კუთხით განვიხილეთ წარმოსახვითი ქართული ფეხბურთი და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების პერსპექტივებიც კი დავსახეთ. ამ ამბავში რომ ვიყავით, მხოლოდ ერთმა უცხო ადამიანმა დაგვცინა და დაგვიწერა: “თქვენ რომ ამით ერთობით, ამ დროს ქართული ფეხბურთის განვითარების ლოზუნგით ასეულობით მილიონი ლარი უმიზნოდ იფლანგება და კაცი არაა, ვინც ამ საქმეს გამოიძიებს. რა გაღლიცინებთ ნეტა ვიცოდე“-ო. რა ვიცი, მგონი მართალი იყო ის კაცი...

0.112627