ფეხბურთი

18:52 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოკატელი: "მეც და ჩემი ოჯახიც "იუვეს" ქომაგია, ამიტომ, აქ ყოფნა ჩემთვის ორმაგი ემოციაა"

"იუვენტუსმა" მანუელ ლოკატელი წარადგინა, რომელიც ტურინულ გრანდში 27-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და თქვა, რომ მისი ოჯახი "იუვეს" გულშემატკივარია.

ლოკატელი იმედოვნებს, რომ მისთვის საოცნებო კლუბში დამკვიდრებას მოახერხებს და ახალი გამოწვევისთვის მზადაა:

„იუვენტუსში“ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ჩემი ოჯახია იუვენტინოა, შესაბამისად, ჩემთვის ორმაგი ემოციაა. მზად ვარ ამ ახალი თავგადასავლისთვის. „იუვე“ ყოველთვის იყო ჩემი პრიორიტეტი. ჩემი ტრანსფერის ფორმულა? მე არ ვსაუბრობ ციფრებზე, ეს არის ბიოროკრატიული საკითხები, რომლებიც ჩემი საქმე არაა. ჩემი კუმირი ნედვედი იყო, რომლის პოსტერი ოთახში მქონდა, ასევე დელ პიეროს და ბუფონის. ისინი ყოველთვის ჩემი კუმირები იყვნენ. პოზიცია მოედანზე? ჯერ მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარე, ვნახოთ. ნებისმიერ პოზიციაზე ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო.

მენტალიტეტი, რომელიც აქ არის, განსახვავებულია. მაშინ, როცა ბონუჩი „მილანში“ გადმოვიდა, ეს იქაც შევნიშნე. კიელინის და მას ბევრს ვესაუბრებოდი და სასიამოვნოა, რომ ახლა კლუბშიც ერთად ვითამაშებთ. კიელინი უმცროსი ძმასავით მექცევა, ეს ჩახუტება ძალიან გულწრფელი იყო. ალეგრი? „მილანის“ პირველ გუნდთან ორჯერ ვივარჯიშე, როცა ალეგრი იყო მწვრთნელი და მახსოვს. ეს არის სიამაყის და პატივისცემის გრძნობა. მზად ვარ ვისწავლო და განვითარდე. ევროპის ჩემპიონატი დამეხმარება დიდი მატჩების თამაშში, მზად ვარ იმ გამოწვევისთვის, რომელიც ჩემს წინაშეა.

„მილანი“ ყოველთვის დარჩება ჩემს კარიერაში მშვენიერ გვერდად, „იუვესთან“ გატანილმა იმ გოლმა შემიყვანა რეალობაში, რომლისთვისაც მზად არ ვიყავი. ბევრი ვიტანჯე, ძალიან დიდი მოლოდინი გაჩნდა ჩემდამი. შემდეგ გადავედი „სასუოლოში“ და საბედნიეროდ მოვახერხე ჩემი თავის პოვნა. ახლა ყველაფერს გავაკეთებ, აქ ვარ გამარჯვებისთვის და გუნდისა და მწვრთნელის განკარგულებაში. ძალიან კარგად მიმიღეს და მზად ვარ, რომ მომდევნო წლებში მათთან ერთად გავიმარჯვო.

როდესაც „სასუოლოშო“ ვიყავი, ვუყურებდი რონალუს ვიდეოებს და ახლა მასთან ერთად გასახდელში ვარ. მას იუთუბზე ვუყურებდი და ახლა აქ ვარ, ამდენ ჩემპიონთან ყოფნა სასიამოვნოა. ასევეა დიბალას შემთხვევაშიც, მაგრამ კიდევ ბევრი ფეხბურთელია. დე ძერბი და მანჩინი? პირველი დეტალებისადმი ძალიან ყურადღებიანი იყო და მაიძულა დიდი ტექნიკური უნარები შემეძინა, ხოლო მეორე სიმშვიდის განსახიერებაა და ფანტასტიკური ჯგუფის შექმნის უნარი აქვს.

მარკიზიოს კარიერის გამეორება ფანტასტიკური იქნება, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მთელი გულით ვეცდები. გოლი „იუვეს“ კარში“ მახსოვს, ბებიაჩემის სახე, რომელმაც მომილოცა, მაგრამ დაიჩივლა „იუვეს“ გაუქმებულ გოლზე, რომელიც პიანიჩმა ჯარიმით გაიტანა და არ ჩაითვალა. მაშინ „მილანი“ ჩემი გუნდი იყო, მაგრამ ყოველთვის „იუვეს“ ქომაგი ვიყავი. არ ვიცი ვართ თუ არა ფავორიტები, მაგრამ გვინდა სკუდეტო დავიბრუნოთ. პირველი მატჩისთვის 100%-ით ფიზიკურად მზად არ ვარ, მაგრამ თამაში მინდა და საბოლოოდ გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს. 27 ნომრით ვითამაშებ, შევიცვალე, რადგან ახალი თავგადასავალია, მომწონს ეს ნომერი და 7-ს ჩემთვის იღბალი მოაქვს, ვიმედოვნებ, რომ ახლაც ასე იქნება“, - თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელის კარიერა „მილანში“ დაიწყო, რომლის რიგებში 2016-2018 წლებში 63 მატჩში 2 გოლი გაიტანა („იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ კარში), ხოლო 2018-2021 წლებში „სასუოლოში“ 99 შეხვედრაში თავი შვიდჯერ გამოიჩინა. იტალიის ნაკრებში მას დებიუტი 2020 წელს ჰქონდა, მას მერე 15 თამაშში 3 გოლი გაიტანა (მათ შორის, ორი ევრო 2020-ზე) და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122572