ბლოგი

14:25 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

შურიანი კაცის წერილი მისტერ ჰოის

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოლიმპიადაზე ცხენოსანთა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში ოდესმე რამის დაწერა მომინდებოდა. მიზეზი მარტივია - სტუდენტური მოცალეობის ჟამსაც კი იშვიათად მიწევდა ცხენოსანთა ასპარეზობის ცქერა და სახეობის წესებიც ბუნდოვნად მახსოვდა. მაგრამ ოდეს გიხილე დიდო და მაგარო კაცო ამხედრებული ცხენზე, რომელსაც ხუმრობით “უსიან ბოლტი“ დაარქვი, გაღიარე მსწრაფლივ და მიიღე ჩემი სიყვარული რწფელი!

როდესაც ჩემი მშობლიური ქალაქის დასუფთავების სამსახურის ტანჯული თანამშრომლები სამარცხვინოდ მწირი ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცვას აწყობდნენ, მე სიცხისგან ოფლი ღვარად ჩამომდიოდა, ვიჯექი დასიცხული და ერთი კვირის დაგვიანებით გიყურებდი შენ მისტერ ენდრიუ, ესოდენ მხნე კაცს, რომელიც ცხენს ახალგაზრდული შემართებით მიაგელვებდი და ამის მნახველი დინჯი და თავდაჭრილი იაპონელებიც კი ყიჟინას სცემდნენ.

როდესაც ჩემი ქალაქის დასუფთავების სამსახურის არცთუ ასაკოვანი, მაგრამ სიღარიბის გამო ნაადრევად დაბერებული კაცები ხელფასზე თქვენს ფულზე 50-მდე ფუნტი სტერლინგის მომატებას ამაოდ ითხოვდნენ, შენ ყინჩად იჯექი იმ შენს “უსაინ ბოლტზე“ და ფრთაგაშლილი დიდი ბრიტანეთის ოლიმპიურ ნაკრებს დამატებით ორი მედლის მოპოვებაში ეხმარებოდი.

იდგა აგვისტოს ბუღი, თბილისელი მეეზოვეები ჟურნალისტებს ტანზე შემოცვეთილ სტაფილოსფერ მაისურებსა და ნაგვის გასატან დანჯღრეულ ავტომობილებს აჩვენებდნენ. შენ კი ოქროსა და ვერცხლის მედლებს აჩვენებდი ჟურნალისტებს და იმასაც ამბობდი, რომ სამ წელიწადში პარიზში გასამართ ზაფხულის ოლიმპიადაზეც სცდიდი ბედს, რადგან თავს მხნედ გრძნობ და წლები ვერაფერს გაკლებს. იმ დროს მე ხელში უკვე გამთბობოდა რამდენიმე წუთის წინ მაცივრიდან გამოღებული წყალი და ტელევიზორის პულტს ნერვიულად ვაწვალებდი სიცხისა და სიბრალულისგან გულშეწუხებული.

შენს ასაკში ჩვენთან კაცების უმეტესობას რაღაც ქრონიკული ავადობა სჭირთ. ჩვენში 40 წლის ასაკიდან ძირითადად გულის პრობლემები აწუხებთ. ცუდი კვების, სტრესების, მძიმე ყოფის გამო, საქართველო გულის იშემიური დაავადებების კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში. შენხელა ადამიანები სპორტით არათუ ვერ კავდებიან, ეზოში დომინოს სათამაშოდ ჩასვლასაც კი ძლივს ახერხებენ. ამას ემატება ღვინის ქვეყანად სახელდებულ საქართველოში ჯერ კიდევ გვარიანად ფესვგადგმული ე.წ. გაკეთებული, შაქრიანი ღვინის კეთების “ტრადიცია“ და ეს ე.წ. ღვინო ასაკში სწორედ მამაკაცებზე მოქმედებს დამანგრევლად. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ პროვინციული შური მალაპარაკებს ამას. თუმცა, რომ ვუფიქრდები, ალბათ მშურს კიდეც თქვენი. მშურს თქვენი ქვეყნის და იმ რეალობის, რაც სარფის საბაჟოს გაღმა იწყება. ეჰ, ნეტაი თქვენ მისტერ ენდრიუ, მოჯირითე, მაგარო კაცო!...

საქართველოზე ალბათ არასოდეს გსმენიათ. ვერც მაშინ გაიგებდით ჩვენს შესახებ, როდესაც ბავშვობაში ავსტრალიის თვალუწვდენელ ველებზე დაჯირითობდით და არც შემდეგ დაინტერესდებოდით ყველასგან მივიწყებული საქართველოთი, როცა ჯირითი წინაპართა მიწაზე - უელსში განაგრძეთ. თქვენ თქვენი საფიქრალი გქონდათ და გაქვთ დიდი მიზნებითა და გრანდიოზული ამოცანებით. აი, პაპანაქება მზეში აყროლებულ ნაგავთან “მებრძოლ“ თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს კი თავში სულ სხვა ფიქრი დაუდით და მათ ხანდახან ფიქრიც კი ეკრძალებათ!

ამ ბლოგს ვუძღვნი გაფიცულ მშრომელ ადამიანებს და სპორტის ჭეშმარიტ ლეგენდას, წარმოშობით ავსტრალიელ, ახლა კი დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ენდრიუ ჰოის, რომელმაც ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიადაზე 62 წლის ასაკში ორი მედლის მოპოვება შეძლო - ვერცხლი გუნდურ შეჯიბრებაში და ბრინჯაო ინდივიდუალურ ტურნირში. მისტერ ენდრიუს ოლიმპიადებზე 6 მედალი აქვს მოპოვებული. მართლაც ლეგენდარული კაცია!

0.115701